Google-ი თავის საძიებო ქსელსა და სხვა პროდუქტებში კანადური საინფორმაციო საშუალებების სტატიების დაბლოკვას გეგმავს. ტექნოლოგიური გიგანტის გადაწყვეტილება კანადის მთავრობის ახალ კანონპროექტს უკავშირდება, რომელიც Google-ის ახალი ამბების სააგენტოებს საფასურის გადახდას ავალდებულებს.
ახალი კანონპროექტი სახელწოდებით, C-18 კანადის მთავრობამ დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო. კანადის საპარლამენტო ბიუჯეტის ოფისის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცება კანადური ახალი ამბების სააგენტოებისთვის ყოველწლიურად დამატებით $329 მილიონის შემოსავალს უზრუნველყოფდა. ახალი კანონმდებლობით, რომელიც სავარაუდოდ აღარ განხორციელდება, ისეთ კომპანიებს როგორიც Google-ი და Meta არიან, თავიანთ საძიებო ველსა და „ფიდში“ ახალი ამბების განსათავსებლად, შესაბამისი ღირებულების გადახდა მოუწევდათ.
ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი საინფორმაციო ორგანიზაციის, კანადური სამაუწყებლო კორპორაციის შეფასებით, Google-ში სიახლეების დაბლოკვა კანადელ მომხმარებელს მათთვის სანდო ახალი ამბების ვებგვერდზე პირდაპირ გადასვლისკენ უბიძგებს. Google-ის წარმომადგენლების განცხადებით კი ახალი კანონმდებლობა „გამოუსადეგარია“ და კომპანიას „შეუზღუდავი ფინანსური ვალდებულების წინაშე აყენებს, მაშინ როდესაც Google-ი კანადელებს მხოლოდ უმარტივებს გამომცემლობების სიახლეებზე წვდომას“.
ცნობისთვის, მხოლოდ 2008-2018 წლებში, კანადის მასშტაბით 216 ნიუსრუმი დაიხურა და მათი რაოდენობის კლების ტენდენციაც შენარუნებულია. კანონპროექტის მიღების შემდეგ, Facebook–სა და Instagram-ზე კანადური საინფორმაციო საშუალებების გამოჩენის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო Meta–მაც. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონმდებლობა, რომელსაც Meta-ს მხრიდან იმავე ტიპის გადაწყვეტილება მოჰყვა, მიიღეს ავსტრალიაშიც. თუმცა, წინააღმდეგობებიდან გამომდინარე, ქვეყანამ Meta–სთან შეთანხმებას მიაღწია და პლატფორმებზე ახალი ამბების ხელმისაწვდომობა აღადგინა.