ჰონგ-კონგში კონფიდენციალურობის კანონში მიმდინარე ცვლილებების გამო ტექნოლოგიურმა გიგანტებმა შესაძლოა საქმიანობა შეწყვიტონ. აზიის ინტერნეტკოალიციის (Asia Internet Coalition) წევრების (მათ შორის Google-ის, Twitter-ის, Apple-ის, LinkedIn-ის) მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ინდივიდუალური საქმიანობის მიმართ სანქციების დაწესება გლობალურ ნორმებსა და ტენდენციებს არ შეესაბამება.
AIC-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია ისიც, რომ პირადი ინფორმაციის გასაჯაროების პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართული კანონები, რომლებსაც გავლენის მოხდენა შეუძლია გამოხატვის თავისუფლებაზე, უნდა ემყარებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს.
სამშაბათს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე კერი ლამმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონმდებლობა მხოლოდ პირადი ინფორმაციის უკანონო გასაჯაროების წინააღმდეგაა მიმართული. ამასთან, კონფიდენციალურობის კომისარმა მზაობაც დაადასტურა ტექ-კომპანიების წარმომადგენლებთან შესახვედრად და მათი პოზიციების გასაცნობად.
შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში 2019-2020 წლების მასობრივი ანტისამთავრობო მსვლელობების პერიოდში, დიდი რაოდენობით პირადი და ორგანიზაციული ინფორმაცია გასაჯაროვდა. მათ შორის პირადი ცხოვრების დეტალები პოლიტიკოსებზე, პოლიციელებზე, ჟურნალისტებსა და მათ ოჯახებზე (მაგ: საცხოვრებელი სახლების მისამართები, ბავშვების სკოლების დეტალები და სხვ.). მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გასულ წელს 10,000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რასაც საერთაშორისო კრიტიკაც მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ჰონგ-კონგი კანონების გამკაცრებას მაინც აპირებს.