Google-მა ხელოვნური ინტელექტის მოდელის ბოლო განახლება, Gemini 3 გამოუშვა. უახლესი AI-მოდელი Gemini-ის აპლიკაციაში უკვე ჩაეშვა, მათ შორის ხელმისაწვდომია ძიების AI-რეჟიმის, დეველოპერებისთვის განკუთვნილი ფუნქციებისა და ვირტუალური AI-ასისტენტების საშუალებით.
კომპანიის განცხადებით, ახალი მოდელის გაშვებით ის ფსონს დებს მომავალზე, რომელიც ძიებისთვის, კრეატიულობისა და დასწავლისთვის ეყრდნობა AI-ს, რომელსაც კითხვის, მოსმენისა და დასწავლის უნარები აქვს. Gemini 3-ს Google-ი თავის „ყველაზე ინტელექტუალურ სისტემას“ უწოდებს, რომელსაც გაცილებით მოცულობითი სამეცნიერო ნაშრომების, ვიდეოლექციების, ხელნაწერი ჩანაწერებისა და რეალური სამყაროს სურათების ანალიზი და დამუშავება შეუძლია.
Gemini 3 Pro აუმჯობესებს თავისი წინამორბედების შესაძლებლობებს მათემატიკის, კოდირებისა და მულტიმოდალური შეფასების მიმართულებით. ამასთან ერთად, Google-მა ახალ მოდელში სპეციალური „ღრმა აზროვნების“ რეჟიმიც ჩააინტეგრირა, რომელიც აკადემიური და კვლევითი დონის დავალებებისთვის Gemini-ის ანალიტიკურ სიმძლავრეს აუმჯობესებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება Google Search-ს უკავშირდება. კომპანია Gemini 3-ს ხელოვნური ინტელექტის რეჟიმში გენერაციული ინტერფეისების ახალი ტალღის შესაქმნელად იყენებს. ეს გულისხმობს, რომ ძიების შედეგები მეტად ინტერაქციული გახდება, ეკრანი დასმული შეკითხვების მიხედვით შეიცვლება. ბმულების ნაცვლად კი, საჭიროების შემთხვევაში, Google-ი დიაგრამებს, სიმულაციებსა და ახსნა-განმარტებებს იძლევა. ინტერფეისი გენერირდება მომენტალურად, მოთხოვნის შესაბამისად.
Google-ის უახლეს AI-მოდელს დიდი ზომის სახელმძღვანელოებისა და რამდენიმე კვლევითი ნაშრომის ერთდროულად გარჩევა შეუძლია. ასევე აანალიზებს ხელნაწერებს და დიდი ზომის ვიდეოკონტენტსაც, მათ შორის ლექციებსა და ტრენინგებს, შეუძლია შექმნას პერსონალიზებული განმარტებები ან სავარჯიშო გეგმები. მაგალითისთვის, Gemini 3 თავისუფლად თარგმნის ძველ ხელით დაწერილ რეცეპტებს, მნიშვნელოვან ინფორმაციას აგენერირებს 40-წუთიანი ფიზიკის ლექციიდან ან აანალიზებს ჩოგბურთში ბურთის დარტყმას შენელებული მოძრაობის ანალიზით.















