Google-ს ევროკავშირისთვის შესაძლოა, რეკორდული მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისროს

Google-ს ევროკავშირისთვის შესაძლოა, რეკორდული მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისროს

Android-ის ოპერაციულ სისტემებთან დაკავშირებით ანტიმონოპოლიური საქმის სასამართლოში წაგების შემდგომ, Google-ს შესაძლოა, ევროკავშირისთვის რეკორდული €4.125-მილიარდიანი ჯარიმის გადახდა დაეკისროს. ახალი დადგენილებით, ევროპულმა სასამართლომ ევროკავშირის აღმასრულებელი კომისიის მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება Google-ის დაჯარიმების შესახებ ძალაში დატოვა.

მიუხედავად ამისა, სასამართლოს მსჯელობა „გარკვეულ ასპექტებში“ კომისიისგან განსხვავდებოდა, რისთვისაც ჯარიმის ოდენობა მცირედით, €4.34 მილიარდიდან €4.125 მილიარდამდე შემცირდა. ბოლო დადგენილებით, ევროპული სასამართლო ტექნოლოგიურ გიგანტს Android-სისტემის სმარტფონების მწარმოებლებზე „საძიებო სისტემაში დომინანტური პოზიციის დამყარების მიზნით“, უკანონო შეზღუდვების დაწესებაში სდებს ბრალს.

შეგახსენებთ, 2018 წელს ევროკომისიამ განაცხადა, რომ Google-მა, Android სისტემის მოწყობილობების მწარმოებლებს Google Search-ისა და Google Play Store-ის წინასწარ დაყენებაზე დათანხმება აიძულა. კომპანიის მიზანი იყო, მწარმოებლებს არ გამოეყენებინათ მესამე მხარის მიერ შემუშავებული ოპერაციული სისტემის არალიცენზირებული ვერსიები.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ €4.125 მილიარდის ჯარიმა მხოლოდ ნაწილია იმ ანტიმონოპოლიური ჯარიმების ფართო ნაკრების, რომელიც კომპანიას ევროპაში ემუქრება. საერთო ჯამში, Google-ს შესაძლოა, €8-მილიარდიანი ვალდებულება დაეკისროს, საიდანაც €2,42 მილიარდის გადახდა საძიებო სისტემაში საკუთარი სავაჭრო სერვისების უპირატესობისთვის, ხოლო €1.49 მილიარდიც ონლაინრეკლამებში დომინირების ბოროტად გამოყენებისთვის მოუწიოს.

ცნობისთვის, Google-ს ევროკავშირის იუსტიციის სასამართლოში, რომელიც ორგანიზაციის უმაღლესი სასამართლოა, გადაწყვეტილების ხელახალი გასაჩივრება კვლავ შეუძლია. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებს ტექნოლოგიური გიგანტი. ბევრის აზრით კი, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების საქმიანობაში ჩარევას გააძლიერებს.