გორგოძე-კალაშნიკოვას წყვილმა ბუდაპეშტის ტურნირი მოიგო

გორგოძე-კალაშნიკოვას წყვილმა ბუდაპეშტის ტურნირი მოიგო

ეკატერინე გორგოძისა და ოქსანა კალაშნიკოვას წყვილმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 11-17 ივლისს გამართული ტურნირი Budapest Grand Prix-ი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ტურნირის საპრიზო თანხა, საერთო ჯამში, 203 024 ევროს შეადგენდა.

ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელები ფინალში პოლონელ კატაჟინა პიტერსა და ბელგიელ კიმბერლი ციმერმანს დაუპირისპირდნენ. გორგოძე-კალაშნიკოვას წყვილმა ისინი ანგარიშით: 1:6; 6:4; 10:6 დაამარცხა.

მოცემული დროისთვის, ეკატერინე გორგოძე WTA-ის რეიტინგში 46-ე ადგილს იკავებს, რაც მისთვის კარიერის განმავლობაში ნაჩვენები საუკეთესო შედეგია. ჩოგბურთელს წყვილებში WTA-ის რანგის ტურნირი ორჯერ აქვს მოგებული. გორგოძის მიერ კორტებიდან გამომუშავებული თანხა, საერთო ჯამში, 800 ათას აშშ დოლარს აჭარბებს, მხოლოდ 2022 წელს მან საპრიზო თანხის სახით 236 ათას აშშ დოლარზე მეტი მოიგო.

რაც შეეხება ოქსანა კალაშნიკოვას, ის, მოცემული დროისთვის, WTA-ის რეიტინგში 64-ე ადგილს იკავებს. კალაშნიკოვა კარიერის განმავლობაში საუკეთესო პოზიციაზე, 43-ე ადგილზე, 2016 წლის ივნისში იმყოფებოდა. ჩოგბურთელს წყვილებში WTA-ის რანგის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული. მის მიერ კორტებიდან გამომუშავებული თანხა 1 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. მათ შორის, კალაშნიკოვამ მხოლოდ მიმდინარე წელს საპრიზო თანხის სახით 56 272 აშშ დოლარი მოიგო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *