გრენლანდიის საკითხზე აშშ-სა და NATO-ს შორის უთანხმოების გამწვავების ფონზე, დღეს, 21 იანვარს, ოქროს ფასმა უნციაზე $4,800-ს გადააჭარბა. უფრო კონკრეტულად, ძვირფასი ლითონის ფასი 2.1%-ით გაიზარდა და 4,887.82 აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც ახალი რეკორდია.
ამავდროულად, დღეს ვერცხლის ფასი 0.2%-ით გაიზარდა და 94.71 აშშ დოლარს უნციაზე მიაღწია. თუმცა ჩამორჩა სამშაბათს დაფიქსირებულ რეკორდულ მაქსიმუმს, 95.87 აშშ დოლარს. ძვირფას ლითონებზე ფასების ზრდას ხელი შეუწყო ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ფიზიკური შეზღუდვების შენარჩუნება და ინვესტორების მხრიდან უსაფრთხო თავშესაფარზე მოთხოვნის ზრდა.
სამშაბათს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ამბიცია მტკიცეა და არქტიკული კუნძულის ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდებას არ გამორიცხავს. ამის საპასუხოდ, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ ის არ დაემორჩილება ტრამპის მოთხოვნებს და გრენლანდიას არ მიატოვებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს სტუმრობს. პოლიტიკური მიმომხილველების მოსაზრებით, ტრამპი ფორუმს გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების მიზნით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე წნეხის მაქსიმალურად გასაზრდელად გამოიყენებს.
NATO-ს ლიდერები ტრამპს აფრთხილებენ, რომ მისმა გრენლანდიის ხელში ჩაგდების სტრატეგიამ შესაძლოა ალიანსის დასუსტება გამოიწვიოს. მათივე თქმით, ეს უთანხმოება NATO-ს რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს, რასაც დასავლური სამყაროს მტრები საკუთარი პროპაგანდისათვის საკმაოდ ეფექტიანად იყენებენ.
არ არის გამორიცხული, რომ ვითარების უფრო გამწვავებამ ძვირფასი ლითონების ფასი კიდევ უფრო გაზარდოს. აღსანიშნავია, რომ ოქროსა და ვერცხლთან ერთად მოიმატა პლატინის ფასმა და რეკორდულ ნიშნულს, უნციაზე 2,511.80 აშშ დოლარს მიაღწია. ამასთან, პალადიუმის ფასი 0.6%-ით დაეცა და 1,854.35 აშშ დოლარს გაუტოლდა.












