გუსტავ კლიმტის „ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი“ აუქციონზე $236 მილიონად გაიყიდა

გუსტავ კლიმტის „ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი“ აუქციონზე $236 მილიონად გაიყიდა

გუსტავ კლიმტის ტილო, „ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი“, ნიუ-იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე $236 მილიონად გაიყიდა, რაც ავსტრიელი მხატვრის ნამუშევრებისთვის რეკორდულად მაღალი შეფასებაა. ამ დრომდე კლიმტის ყველაზე ძვირად ღირებულ ტილოდ „ქალი მარაოთი“ მიიჩნეოდა, რომელიც 2023 წელს $108.8 მილიონად გაიყიდა.

1.8 მეტრის სიმაღლის პორტრეტი, რომელიც 1914-1916 წლებში იქმნებოდა, ვენის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის, სპილენძის მაგნატ ავგუსტ ლედერერის ქალიშვილს ასახავს. პორტრეტი კლიმტის იმ ნამუშევრებს შორისაა, რომლებიც ნაცისტებმა ვენაში მდიდრული ებრაული ოჯახების ძარცვის დროს მოიპარეს. მეორე მსოფლიო ომის დროს ნახატების უმრავლესობა განადგურდა, თუმცა აღნიშნული ტილო 1948 წელს ელიზაბეტის ძმას, ერიხს დაუბრუნეს.

ერიხ ლედერერმა კლიმტის ტილო 1983 წელს ხელოვნების დილერს, სერჟ საბარსკის მიჰყიდა, ხოლო ორი წლის შემდეგ ის კოსმეტიკის ინდუსტრიის მილიარდერმა, ლეონარდ ლაუდერმა შეიძინა. Sotheby’s-ის აუქციონზე პორტრეტი სწორედ ლაუდერის ხელოვნების ნიმუშების კოლექციის სხვა ნამუშევრებთან ერთად გაიტანეს.

ცნობისთვის, გარდაცვლილი მილიარდერის, ლეონარდ ლაუდერის კოლექცია, რომელიც ახლა აუქციონზე იყიდება, 50-ზე მეტ ხელოვნების ნიმუშს, მათ შორის გუსტავ კლიმტის, ედვარდ მუნკის, ანრი მატისისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრებს აერთიანებს. Sotheby’s-ის თავდაპირველი პროგნოზით, ლაუდერის კოლექციის შეფასება აუქციონზე $500 მილიონს მიაღწევდა, თუმცა „ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი“ უკვე ნავარაუდებ $150 მილიონზე მაღალი შეფასებით გაიყიდა.