ესპანურმა კომპანია Aqualia-მ GWP-ის 100%-იანი წილი შეისყიდა

ესპანურმა კომპანია Aqualia-მ GWP-ის 100%-იანი წილი შეისყიდა

ესპანურმა კომპანია Aqualia-მ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) 100%-იანი წილი შეისყიდა. ამ დრომდე, GWP-ის 20% საინვესტიციო ჰოლდინგ “საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital) საკუთრებაში რჩებოდა, 80%-ს კი სწორედ Aqualia ფლობდა.

აქციონერთა შეთანხმების პირობების შესაბამისად, Aqualia Georgia, Georgia Global Utilities-ში “საქართველოს კაპიტალის” 20%-იანი წილის სანაცვლოდ, $70.4 მილიონს გადაიხდის. ტრანზაქციისა და ანგარიშსწორების დასრულება 2025 წლის ივლისისთვის იგეგმება.

Aqualia-სა და “საქართველოს კაპიტალს” შორის თავდაპირველი შეთანხმება 2021 წელს გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ესპანურმა კომპანიამ GWP-ის 80%-იანი წილი $180 მილიონად შეიძინა. გარიგების პირობებით, დარჩენილ 20%-ს Aqualia 2025-2026 წლებში გამოისყიდდა.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე წამყვანი კომპანიაა და 2 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება.

რაც შეეხება ესპანურ Aqualia-ს, ის მომხმარებელთა რაოდენობით ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში მეცხრე კომპანიაა, წყლის მენეჯმენტის კუთხით. Aqualia 18 ქვეყანაში – საქართველოში, ესპანეთში, შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, იტალიაში, მექსიკაში, ომანში, პერუში, პორტუგალიაში, კატარში, ალჟირში, საუდის არაბეთში, კოლუმბიაში, ჩილეში, ეგვიპტეში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ჩეხეთსა და რუმინეთში – 45.2 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.