„ჰაიდელბერგცემენტის“ ახალი ბიზნესმიმართულება

„ჰაიდელბერგცემენტის“ ახალი ბიზნესმიმართულება

ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“, რომელიც საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს, გაყიდვებს თითქმის ყოველწლიურად ზრდის. იზრდება როგორც ქარხნების წარმადობა, ასევე მომხმარებელთა რაოდენობა. მალე კომპანიაში ახალი ბიზნესპროცესი გაჩნდება, რომელიც კერძო საცხოვრებელი სახლების აშენების მსურველებისთვის მშენებლობის პროცესს გაამარტივებს. ამ ინიციატივის ფარგლებში, სპეციალური ვებგვერდი www.beton.ge მშენებლებს საშუალებას მისცემს, ბეტონისა და ცემენტის ფასებზე, ხარისხსა თუ მოცულობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. ამ და სხვა სიახლეებზე კომპანიის სამშენებლო მასალების დირექტორს, დავით ჯუღაშვილს ვესაუბრეთ.

საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა ბოლო ათწლეულში თითქმის ყოველწლიურად იზრდება. როგორ აისახება ეს „ჰაიდელბერგცემენტის“ გაყიდვებზე?

ჩვენ გვაქვს ორი ბიზნესხაზი – ცემენტისა და ბეტონის მიმართულება. ეს ტენდენცია ორივე ბიზნესმიმართულებაზე აისახება. ცემენტის ბიზნესი 2006 წელს, ხოლო ბეტონის 2009 წელს დავიწყეთ. ჩვენი გაყიდვები ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ყოველწლიურად მზარდია. ეს ბუნებრივია, ვინაიდან სამშენებლო ნებართვების რაოდენობა იზრდება, პროექტები იმატებს – როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ბინათმშენებლობისაც. ბინათმშენებლობის კუთხით თბილისი და ბათუმია ყველაზე დიდი ბაზარი, რომელიც ყოველ წელს მზარდი იყო.

ზრდის ტენდენციაზე პანდემია როგორ აისახა?

ძალიან რთული იყო ეს პერიოდი. მაგრამ 2020 წლის მარტის ორკვირიანი გაჩერების შემდეგ, მთელი წელი კარგად ვიმუშავეთ. ლოკდაუნის შემდგომი რეაბილიტაცია მალევე გავიარეთ, შედეგად გაყიდვების მაჩვენებელი პანდემიამდელ მდგომარეობას მალევე დაუბრუნდა. ეს ალბათ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დამსახურებაც არის. ამგვარად, გაყიდვების კუთხით 2019 წელთან შედარებით 2020 წელი მზარდი იყო. ბეტონის გაყიდვა 5%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელსაც ველით 2019 წელზე მეტის გაყიდვას, თუმცა 2020 წელთან შედარებით ოდნავ შემცირებული იქნება. წლევანდელი მცირეოდენი, მაგრამ მაინც კლება გრძელვადიანად ალბათ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის შემცირებამაც გამოიწვია, ვინაიდან, მაგალითად, ბათუმში, ბინების მყიდველთა დიდი ნაწილი უცხოელი იყო. გარდა ამისა, პოტენციური მყიდველების შემოსავლების შემცირების გამოც იკლო ბინების გაყიდვებმა, რაც ჩვენს ბიზნესზეც აისახა. რაც შეეხება ცემენტის გაყიდვებს, ბინათმშენებლობის სექტორიდან კლება დააკომპენსირა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა – წელს რეკორდული წელი გვაქვს ცემენტის რეალიზაციის კუთხით.

თქვენ აპირებთ ახალი ონლაინპორტალის ამოქმედებას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, თქვენი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მიიღოს და უკეთ გამოთვალოს, რა დაუჯდება ამა თუ იმ მოცულობის ობიექტის მშენებლობა. მეტი გვითხარით ამ სიახლეზე. რა ტიპის მომხმარებელზეა ის გათვლილი?

ჩვენ შევნიშნეთ, რომ პოსტპანდემიური ტენდენციის მიხედვით, მაგალითად, თბილისის შემოგარენში ბევრი კერძო სახლის მშენებლობა დაიწყო. უფრო მეტიც, დავინახეთ, რომ ეს ტენდენცია მზარდია. სწორედ მათთვის ვაპირებთ არა მხოლოდ ვებგვერდის, არამედ მთელი ბიზნესპროცესის ჩამოყალიბებასაც. იგეგმება კამპანია, ასევე შეიქმნება ცალკე გუნდი, რათა ამ ტიპის მომხმარებელს გაუადვილდეს საჭირო ინფორმაციის მიღება. საიტიც მათზე იქნება მორგებული, მათ აღარ დასჭირდებათ შუამავლები იმისათვის, რომ სახლის მშენებლობისთვის საჭირო მასალა შეიძინონ. არსებობს სტერეოტიპი, რომ ბეტონი მაინცდამაინც სპეციალისტმა უნდა შეარჩიოს, ჩვენ ამ საიტით მომხმარებელს ვუჩვენებთ, რომ მათ არ სჭირდებათ ამ საქმეში შუამავლები და პირდაპირ ჩვენს ვებგვერდზე თავად შეუძლიათ მოიძიონ, გააკეთონ გამოთვლები, რა დაუჯდებათ, და შეუკვეთონ კიდეც.

საქართველოში წლიურად დაახლოებით 180-200 მლნ აშშ დოლარის სამშენებლო მასალები შემოდის. რამდენად ახერხებთ იმპორტისთვის კონკურენციის გაწევას?

ბეტონის ლოკალურობიდან გამომდინარე, მისი იმპორტი არ ხდება, ვინაიდან დამზადებიდან მაქსიმუმ საათ­ -­ნახევარში უნდა მოხდეს მისი გამოყენება. ცემენტისა და კლინკერის შემთხვევაში კი იმპორტი ძირითადად თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ხორციელდება. საფასო კონკურენცია საკმაოდ მძაფრია და რთულია მათთვის კონკურენციის გაწევა. ამ საკითხზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მთავრობასთან, ანტიდემპინგური კანონმდებლობა უკვე ძალაშია. ახლა კონკრეტული შემთხვევების შესწავლა უნდა მოხდეს. კერძოდ, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საქართველოში ცემენტი და კლინკერი დემპინგური ფასით შემოდის. განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან, მაშინ როდესაც ჩვენ ამავე ქვეყანაში ექსპორტს ვერ ვახერხებთ. ისეთი ბიზნესგარემოა შექმნილი, რომ საქართველოდან ცემენტის იმპორტი პრაქტიკულად შეუძლებელია. 2015 წლამდე აზერბაიჯანში მსხვილი ექსპორტიორი ვიყავით, შემდეგ ამ ქვეყანაში ცემენტის ახალი ქარხნები აშენდა. ამასთან, ვფიქრობთ, აზერბაიჯანის ცემენტის სექტორი, ენერგომატარებლების ნაწილში, სუბსიდირებულია, რაც მათ არასამართლიან კონკურენტულ უპირატესობას უქმნის. ის ფასები, რომლებითაც ისინი პროდუქციას ყიდიან საქართველოს ბაზარზე, ჩამოუვარდება აზერბაიჯანის შიდა ბაზრის ფასებს, ეს კი ზიანს აყენებს ადგილობრივ წარმოებას – რაც არის დემპინგის კლასიკური მაგალითი. თუ აზერბაიჯანულ და თურქულ კომპანიებს აქვთ აბსოლუტური თავისუფლება, შემოიტანონ ცემენტი, სამწუხაროდ, ჩვენ ამ შესაძლებლობას მოკლებული ვართ.

ცემენტისა და ზოგადად სამშენებლო მასალების წარმოება გარემოს დაბინძურებას იწვევს. რა ზომებს მიმართავთ გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანისთვის? როგორია თქვენი პოლიტიკა ამ კუთხით?

„ჰაიდელბერგცემენტს“ რამდენიმე ათეული მილიონი ევრო აქვს მხოლოდ ამ კუთხით ინვესტირებული. კომპანია 2018 წლის ბოლოდან სრულად გადავიდა ცემენტის წარმოების დახურულ ციკლზე. შესაბამისად, გარემოს დაბინძურების რისკი მასშტაბურად შემცირდა. გარემოსდაცვითი კანონმდებლობა წლიდან წლამდე მკაცრდება. წელს ივნისიდან ამოქმედდა სრულიად ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, გვეკისრება ემისიების მუდმივი (უწყვეტი) მონიტორინგი. ჩვენც ამ კუთხით გადაიარაღებას ვახდენთ და ახალ ინვესტიციებს ვახორციელებთ, რათა ახალი კანონმდებლობა დავიცვათ. ბეტონის კუთხით გარემოზე ზემოქმედება თავისი მასშტაბიდან გამომდინარე უფრო ნაკლებია, ასევე ბეტონის წარმოებაში არ არის წვის პროცესი – აქ უბრალოდ წყლისა და მშრალი კომპონენტების შერევა ხდება. თუმცა არის მტვრისა და ხმაურის საკითხი, რისთვისაც ნორმებია განსაზღვრული. ამ მხრივ ჩვენი ყველა ქარხანა ნორმებს შეესაბამება. არსებობს კიდევ ერთი პრობლემა – ბეტონმზიდის გამორეცხვის შედეგად მიღებული მასა, ნარჩენი. თუ გამონარეცხი ტექნოლოგიურად არ დაამუშავე, გარემოს დააზიანებს, ამიტომაც გვაქვს ბეტონის რეციკლირების დანადგარი, რომელშიც ეს მასა ჩაიღვრება და შემდეგ მას ხელმეორედ ვიყენებთ, როგორც წყალსა და ქვიშა-­ღორღს. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბეტონის წარმოება უდანაკარგო პროცესია.

„ჰაიდელბერგცემენტმა“ საქართველოში 2008 წელს მუშაობა ორი სტაციონარული ქარხნით დაიწყო ფონიჭალასა და გლდანში, დღეისათვის კი სხვადასხვა ქალაქში მდებარე ბეტონის თხუთმეტ და ცემენტის ორ ქარხანას (კასპსა და რუსთავში) მართავს. რამდენია მათი წარმადობა და გეგმავთ თუ არა მის გაზრდას მომავალში?

ამ ქარხნების დიდი ნაწილი მუშაობს ყოველდღიურ პროექტებზე. თუმცა გვაქვს პროექტები, რომლებისთვისაც დამონტაჟებული გვაქვს ბეტონის მობილური ქარხნებიც. ხოლო ცემენტის ქარხნები ბეტონის ქარხნებთან შედარებით გაცილებით მასშტაბურია. წლის განმავლობაში 2 1.9 მლნ ტონა ცემენტი და კლინკერი იწარმოება. ბეტონის მიმართულებით კი წარმადობა 850 000 კუბური მეტრია. გაფართოებას, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ. ცემენტის კუთხით გადაიარაღების რამდენიმე პროექტი გვაქვს, რაც წარმადობას გაზრდის და ცემენტის ახალი ტიპების წარმოების საშუალებას მოგვცემს. ბოლო 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია, 2018 წელს, კასპის ქარხნის სრული მოდერნიზაციისა და კლინკერის ახალი საწარმოო ხაზის მშენებლობისთვის განხორციელდა. ბეტონის მიმართულებით კი ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა დიდი და საშუალო ზომის ქალაქი მოვიცვათ.