საქართველოში პროევროპული პროტესტი გრძელდება. თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ხალხი აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე შეაჩეროს.
წინააღმდეგობას უერთდება ასობით ქართული ბიზნესი და მეწარმე. ბიზნესების ნაწილი იფიცება, მეწარმეები კი ემიჯნებიან თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ „საახალწლო სოფელს“.
ამ დროისთვის უკვე 600-ზე მეტი მეწარმის ამ სიმბოლურ ნაბიჯს, რაც მნიშვნელოვან შემოსავალზე უარის თქმას ნიშნავს, საპროტესტო მოძრაობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ საჭიროა, რომ მათ გადაწყვეტილება მომხმარებელმაც დაუფასოს.
სწორედ ამ მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა სპეციალური ონლაინპლატფორმა Happy EU Year, რომელიც ბიზნესებს აკავშირებს იმ მომხმარებლებთან, რომლებიც პროევროპულ შეხედულებებს იზიარებენ და პროტესტში მონაწილე მეწარმეებისთვის სოლიდარობის გამოცხადება სურთ.
მეწარმეები ევროპული ახალი წლისთვის! – Happy EU Year ამ იდეის გარშემო გაერთიანდა.
პროექტის ავტორი Amazon EU-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი, ნათია ზავრაშვილია.
„მიგვაჩნია, რომ წელს დედაქალაქის ქუჩებში პროტესტის ხმა ყველგან უნდა ისმოდეს. […] მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ დავიბრუნოთ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი ახალი წელი!“ – დაწერა ნათია ზავრაშვილმა სოციალურ ქსელში.
ნათია Forbes Georgia-ს მოუთხრობს, რომ პროექტის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ასობით მეწარმე, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მხარდასაჭერად, გაემიჯნა მერიის ორგანიზებულ საახალწლო ბაზარს.
„ამ მეწარმეებისთვის საახალწლო სავაჭრო პერიოდი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და დიდწილად განსაზღვრავს ბიზნესის შემდგომ სიცოცხლისუნარიანობას, რაც პროტესტის ფონზე გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.
გასულ დღეებში, სოციალურ მედიაში ვიხილეთ არა ერთი ჩამონათვალი, რომლებიც ამ მეწარმეების ვინაობას გვამცნობდა, თუმცა ნაკლებად ფუნქციური იყო. სწორედ ამ დროს ცხადად დავინახეთ საჭიროება, შექმნილიყო საინფორმაციო ხასიათის ონლაინ პლატფორმა, რომელიც მეწარმეების პროტესტისადმი მომხმარებლების სოლიდარობას რეალურ გაყიდვებში გადათარგმნიდა“, – ამბობს ნათია.
პლატფორმაზე საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ასეულობით ბრენდი კატეგორიების მიხედვითაა თავმოყრილი და პოტენციურ მომხმარებლებს მათთან დაკავშირება, Facebook, Instagram ან სხვა ონლაინგვერდებზე გადასვლა და საჩუქრების შერჩევა შეუძლიათ.
Happyeuyear.ge-ის შემქმნელები არიან მოქალაქეები, რომლებიც საერთო ღირებულებებმა გააერთიანა და ამ პროცესში სოლიდარობის მნიშვნელობას იზიარებენ. იდეა სულ რაღაც სამ დღეში განხორციელდა ნათიას მეგობრებისა და თანამოაზრეების დახმარებით.
„იდეის ხორცშესხმისათვის აქტიურად ვითანამშრომლეთ ბრენდ „იგრიკასთან“ და მის დამფუძნებელ ბაია ლომსაძესთან, რომელიც მეწარმეების საჭიროებებს პლატფორმის შექმნის თითოეულ ეტაპზე გვიზიარებდა და happyeuyear.ge-ის დიზაინიც სწორედ მას ეკუთვნის.
ვებგვერდი პროგრამულად უზრუნველყო ბერო ლომსაძემ, რომელიც წამყვანი პროგრამისტისა & ტექ-ლიდის პოზიციაზეა კომპანია Payoneer Germany-ში და გერმანული სტარტაპის, Skiper Technologies-ის დამფუძნებელია“, – გვითხრა ნათიამ.
Happyeuyear.ge 15 დეკემბერს გახდა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი და ამ დროისთვის საიტზე 600-მდე მეწარმეა დარეგისტრირებული. მეწარმეებს პლატფორმაზე დარეგისტრირება ვებგვერდიდანვე შეუძლიათ.
როგორც პროექტის ავტორი ამბობს, მომხმარებლების აქტიურობაც შესამჩნევია, დღემდე საიტს 60,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც პოზიტიური პროგნოზის საფუძველს იძლევა და უკვე არაერთმა მეწარმემ აღნიშნა, რომ პლატფორმის დახმარებით გასულ დღეებში შეკვეთების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
ნათია ვარაუდობს, რომ პლატფორმაზე გაერთიანებული მეწარმეების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და შეეცდებიან, გაზარდონ მომხმარებელთა რიცხვიც, ვებგვერდი კი ფუნქციურად და ვიზუალურად დაიხვეწოს, მაგრამ ამ ეტაპზე არ გასცდეს საინფორმაციო ფორმატს.
„მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტის ცხადად დაფიქსირება თითოეული მოქალაქის თუ ბიზნესის ვალია.
მეწარმეები წარმოადგენენ გადასახადის გადამხდელ სუბიექტებს, რომლებიც ქმნიან დოვლათს და მათ, როგორც ეკონომიკურ სუბიექტებს, საკვანძო როლი აქვთ სოციუმშიც. შესაბამისად, ისინი ასრულებენ ერთგვარ როლურ მოდელს და მათ პროტესტს გააჩნია მნიშვნელოვანი სასიგნალო ფუნქცია მთავრობისთვის“, – გვეუბნება ნათია ზავრაშვილი.
აღსანიშნავია, რომ მეწარმეებთან ერთად, საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოხატვასა და დაფიქსირებაზე ზრუნავს ბიზნესიც.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე უარს ამბობს.
ამავე დღეს, პრემიერ-მინისტრის განცხადებას თბილისში აქციების ახალი ტალღა მოჰყვა, რაც არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს დაერთო. მას შემდეგ აქციები უწყვეტად გრძელდება თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.
მთავრობამ აქციების დასაშლელად საპოლიციო ძალა არაერთხელ გამოიყენა, რასაც შედეგად მოჰყვა მომიტინგეებთან შეტაკებები და ასობით დაკავებული ადამიანი, რომელთა შორის არიან სასტიკად ნაცემებიც.