დღეს, როცა კომფორტი და ესთეტიკა სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება ტექნოლოგიას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ კომპანიები, რომლებიც სივრცეს არა უბრალოდ ფუნქციურად, არამედ ემოციურად გარდაქმნიან. სწორედ ასეთი კომპანიაა „აკვალაინი“, რომელიც ბაზარს წყლის ტექნოლოგიების მიმართულებით სრულ სერვისს სთავაზობს — დაწყებული საცურაო აუზებისა და სპა-სივრცეების პროექტირებითა და მშენებლობით, დამთავრებული წყლის ფილტრაციისა და სასმელი წყლის სისტემების მიწოდებით. კომპანიის დამფუძნებელი ვახტანგ მესხი გვიხსნის, თუ როგორ ქმნის „აკვალაინი“ ინოვაციებსა და ხარისხზე დაყრდნობით არა უბრალოდ ინფრასტრუქტურას, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
ავტორი: იზა გვარამაძე
ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში, რატომ გადაწყვიტეთ ამ ბიზნესში შესვლა? მოგვიყევით „აკვალაინის“ პირველ ნაბიჯებსა და გამოწვევებზე, რომელთა გადალახვაც ახლად დაფუძნებულ კომპანიას მოუწია…
„აკვალაინი“ 20 წლის წინ დავაფუძნე, თუმცა ამ სფეროში 30-წლიანი გამოცდილება მაქვს. კომპანიის შექმნამდე დამოუკიდებლად ვმუშაობდი და დღემდე 1000-ზე მეტი პროექტის განხორციელებაში მივიღე მონაწილეობა.
2006 წელს „აკვალაინი“ ბაზარზე გამოჩნდა მთავარი მიზნით — ყოფილიყო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს წყლის ტექნოლოგიებს პრემიუმ-ხარისხის სტანდარტით, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შესთავაზებდა. მაშინ საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობდა.
საწყისი წლები სავსე იყო გამოწვევებით: ახალი ტექნოლოგიების ათვისება, პროფესიონალების გუნდის ფორმირება და მომხმარებლის ნდობის მოპოვება. ამიტომ მთავარი ყურადღება დავუთმეთ ცოდნის გაღრმავებას, სწორი პარტნიორობის ჩამოყალიბებას და იმ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ხედვასა და პროფესიონალიზმს აჩვენებდა.
როგორ ფიქრობთ, რა გახდა წარმატების საფუძველი, რომელმაც თქვენს კომპანიას ამ სფეროში ბაზარზე თავი დაამკვიდრებინა? რომელი პროექტი ან მიღწევა მიგაჩნიათ „აკვალაინისთვის“ გარდამტეხად და რატომ?
წარმატების საფუძველი სწორედ იმ საწყისი სირთულეების გადალახვა გახდა, რომლებმაც „აკვალაინი“ ბაზარზე წყლის ტექნოლოგიების სფეროში წამყვან, პრემიუმ-ბრენდად აქცია. თითოეული დაბრკოლება არა მხოლოდ გამოცდილება იყო, არამედ – სტიმული, დაგვემტკიცებინა, რომ საქართველოში შესაძლებელია ისეთი პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება, რომლებიც მსოფლიოს წამყვან პრაქტიკებს არ ჩამოუვარდება.
„აკვალაინის“ წარმატება განპირობებულია ჩვენი ხედვითა და ღირებულებებით — უპირველესად, ხარისხისადმი ერთგულებით. ხარისხზე ეკონომიას არასდროს ვაკეთებთ და ვირჩევთ მხოლოდ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მომხმარებლისთვის საიმედოობასა და კომფორტს უზრუნველყოფს.
ჩვენი მთავარი ძალა პროფესიონალთა გუნდია, რომლის წევრებიც სრულად იზიარებენ კომპანიის ღირებულებებს და მუდმივად ვითარდებიან. ასევე, ყოველთვის ვისწრაფით ინოვაციებისკენ. თვალს ვადევნებთ გლობალურ ტენდენციებს და ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს.
რას სთავაზობთ ამჟამად მომხმარებლებს?
დღეს „აკვალაინი“ მომხმარებელს წყლის ტექნოლოგიების მიმართულებით სრულ სერვისს სთავაზობს — დაწყებული საცურაო აუზებისა და სპა-სივრცეების პროექტირებითა და მშენებლობით, დამთავრებული წყლის ფილტრაციისა და სასმელი წყლის სისტემების მიწოდებით, ინდივიდუალური თუ ინდუსტრიული საჭიროებებისთვის. მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც მონტაჟს, ისე ობიექტის შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერასა და მოვლას.
ჩვენი აზრით, აუზი უნდა იყოს სიამოვნების, და არა ზედმეტი საზრუნავის წყარო. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებს მისი მოვლის სრულ სერვისს ვთავაზობთ. ამასთან, შეგვიძლია თანამედროვე, ავტომატური სისტემების დამონტაჟება, რაც აუზის მოვლას ამარტივებს და ნაკლებ ადამიანურ შრომას მოითხოვს.
რომელია თქვენთვის ბოლო პერიოდის ყველაზე გამორჩეული პროექტი და რატომ?
„აკვალაინისთვის“ თითოეული განხორციელებული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა შემიძლია გამოვყო VR Forest Beach-ი, რომელიც განსაკუთრებული დატვირთვისაა როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე მთლიანად ინდუსტრიისთვის. ეს არის უნიკალური სივრცე, არასტანდარტული აუზით, სადაც გამოყენებულია უახლესი ინჟინრული სისტემები და დიზაინერული მიდგომები, რაც საშუალებას იძლევა, შეიქმნას პრემიუმ-კლასის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბუნებრივ გარემოს სრულად ერწყმის.
ასევე გამოვყოფდი ბათუმში, პირველ ზოლში, „თეთრი იალქნის“ პროექტს, რომელიც მთლიანად ჩემი დაპროექტებულია. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ლოპოტის აკვაპარკის პროექტი, რომელიც კახეთის რეგიონისთვის, ტურიზმის განვითარების კუთხით, დიდ დატვირთვას ატარებს.
წელს კომპანიაში რებრენდინგი განხორციელდა – რა შეიცვალა? რა არის ამ ცვლილების მთავარი მიზანი და როგორ გამოიხატება კომპანიის ახალი გეზი ახალ ვიზუალური იდენტობაში?
ადრე მსგავს დეტალებზე დიდ ყურადღებას არ ვამახვილებდი — პირველი ლოგოც საკუთარი ხელით, ექსპრომტად შევქმენი. მაშინ მეგონა, ვიზუალური იდენტობა მხოლოდ ფორმალობა იყო და არა გადამწყვეტი ფაქტორი. თუმცა დროთა განმავლობაში როგორც კომპანია, ისე ბაზარი მნიშვნელოვნად განვითარდა და ამ პროცესმა მოიტანა ცვლილებების აუცილებლობა — ბრენდის სახე უნდა დახვეწილიყო და მიეღო ის ხასიათი, რომელიც „აკვალაინმა“ წლების განმავლობაში შეიძინა.
გადავწყვიტეთ, ახალ იდენტობაში „აკვალაინის“ არსი უფრო გამოკვეთილად წარმოგვესახა — პრემიული, დახვეწილი და ჰარმონიული სახით. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ფერთა გამამაც.
თუმცა ცვლილება მხოლოდ ვიზუალურ დონეზე არ მომხდარა, განახლდა ბრენდის კონცეფციაც. ლოგოს ტრანსფორმაცია და ახალი გზავნილი „Fluid Harmony – წყლის ხელოვნება, რომელიც ცხოვრებას სრულყოფილს ხდის“ – ზუსტად გადმოსცემს ჩვენს ხედვასა და მისწრაფებას.
„აკვალაინი“ დღეს ქმნის წყლისა და სივრცის სრულ ჰარმონიას, რომელიც ადამიანებს სიმშვიდესა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. რებრენდინგით კომპანიამ გაიმყარა ლიდერის პოზიცია და წარმოაჩინა თავისი ფილოსოფია — ვიცით, როგორ ვაქციოთ წყლის ყოველი წვეთი სრულყოფილ გამოცდილებად.
როგორ ახერხებთ ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეკოლოგიურობის უზრუნველყოფას ყოველდღიურ საქმიანობაში?
„აკვალაინისთვის“ ხარისხი, უსაფრთხოება და ეკოლოგიურობა მხოლოდ სტანდარტი კი არა, კომპანიის საფუძველი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
პირველ რიგში, ხარისხი საერთაშორისო დონეზე აღიარებული ბრენდების ტექნოლოგიებითა და მასალებით არის უზრუნველყოფილი. ჩვენ ვირჩევთ ისეთ პარტნიორებს, რომელთა პროდუქცია უკვე გამოცდილია მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე, რაც გვაძლევს გარანტიას, რომ ჩვენი მომხმარებელი მიიღებს გრძელვადიან და საიმედო გადაწყვეტას.
ჩვენ პროდუქტს ერთი დღისთვის არ ვქმნით. „აკვალაინის“ მიზანი არ არის მხოლოდ ერთჯერადი ფინანსური სარგებლის მიღება, მთავარია მომხმარებლის კმაყოფილება და ხარისხის უზრუნველყოფა.
„აკვალაინისთვის“ უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტულია — ვაკონტროლებთ თითოეულ დეტალს, ვიცავთ ყველა სტანდარტს და მომხმარებელს ვაწვდით ზუსტ რეკომენდაციებს, რათა შედეგი იყოს ერთდროულად ხარისხიანი და უსაფრთხო.
ეკოლოგიურობა ჩვენი საქმიანობის არსია — უპირატესობას ვანიჭებთ გარემოსადმი პასუხისმგებლობიან გადაწყვეტილებებს, რომლებიც წყლის რაციონალურ გამოყენებასა და რესურსების დაზოგვას უზრუნველყოფს.
როგორია თქვენი ხედვა, რომ „აკვალაინის“ პროდუქტები იყოს ერთნაირად მიმზიდველი როგორც ჰორეკა სექტორისთვის, ისე ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის?
„აკვალაინისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ერთნაირად სანდო, ეფექტიანი და მიმზიდველი იყოს როგორც ჰორეკა სექტორისთვის, ისე ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის. ამიტომ ყველა პროექტში ვიცავთ პრემიუმ -ხარისხის სტანდარტს.
გარდა ამისა, გვაქვს მორგებული მიდგომა, რომელიც თითოეული სეგმენტის სპეციფიკას ითვალისწინებს. ჰორეკა სექტორისთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გამძლე, მაღალი დატვირთვისთვის განკუთვნილ გადაწყვეტილებებს, სადაც უწყვეტი მუშაობა და საიმედოობა კრიტიკულია. ინდივიდუალური მომხმარებლისთვის კი ვქმნით ესთეტიკურად გამორჩეულ და მშვიდ გარემოს, სადაც მთავარი ღირებულება პირადი კომფორტი და ჰარმონიაა.
ამ ორი მიმართულების ბალანსით „აკვალაინი“ ერთდროულად არის ბიზნესის სანდო პარტნიორი და კერძო მომხმარებლისთვის პრემიული გამოცდილების შემქმნელი. ეს არის ჩვენი ხედვა — შევქმნათ წყლის ტექნოლოგიების სტანდარტი, რომელიც ყველასთვის თანაბრად აღიქმება როგორც ხარისხის, კომფორტისა და დახვეწილობის სიმბოლო.
რომელი სმარტ-ტექნოლოგიებია უკვე დანერგილი კომპანიის მიერ და როგორ ამარტივებს ეს მომხმარებლების ყოველდღიურობას?
„აკვალაინი“ მუდმივად ცდილობს, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მომხმარებლის გამოცდილება კიდევ უფრო კომფორტული გახადოს. ასეთია, მაგალითად, რობოტი მტვერსასრუტი რომელიც აუზების დასუფთავების პროცესს ამარტივებს. ეს სისტემა ზრუნავს წყლის სისუფთავეზე და აუზის მოვლაზე დამოუკიდებლად, რითაც მომხმარებელს უწყვეტი მონიტორინგისა და ხელით წმენდის საჭიროებას უხსნის. ტექნოლოგია ავტომატურად ასრულებს ყველა სამუშაოს, რათა წყალი ყოველთვის სუფთა, უსაფრთხო და სასიამოვნო იყოს.
უახლოეს მომავალში ჩვენი მომსახურების გუნდი სემინარზე მიემგზავრება გერმანულ კომპანია „დინოტეკში“, რომელიც აუზების მოვლის მოწინავე ტექნოლოგიებს ქმნის. მათ მიერ შემუშავებული სმარტ-სისტემები აერთიანებს მთელ კომპლექსს ერთ ინტერაქტიულ ეკრანზე: მომხმარებელს შეუძლია თაჩსქრინზე ერთი შეხებით მართოს ნებისმიერი პროცესი — მაგალითად, გაააქტიუროს ჩანჩქერი ან შეცვალოს წყლის ტემპერატურა.
„დინოტეკის“ ინოვაციებს შორისაა ხელოვნური ინტელექტი Eva — აუზის „ციფრული ასისტენტის“, რომელიც პასუხობს შეკითხვებს, არეგულირებს წყლის ტემპერატურას და ასრულებს სხვა ავტომატურ ფუნქციებს. ტექნოლოგია უკვე დავნერგეთ საქართველოში რამდენიმე პროექტში და, მიუხედავად იმისა, რომ პრემიუმ-კატეგორიას მიეკუთვნება, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია.
კომპანიამ ასევე შექმნა დეზინფექციის სმარტ-ქარხანა, რომელიც წყლის გასუფთავების პროცესს სრულად ავტომატიზებულს ხდის. სისტემა თავად ამზადებს დეზინფექტორს და უზრუნველყოფს წყლის მაღალ, სტაბილურ ხარისხს ადამიანის ჩარევის გარეშე. მისი მონიტორინგი რეალურ დროშია შესაძლებელი — ყველა მონაცემი ჩანს ეკრანზე, რაც პროცესს გამჭვირვალესა და მარტივად სამართავს ხდის.
თქვით, რომ სერვისების მიმართულებიდან სემინარზე თანამშრომლები მიგყავთ და აქვე გკითხავთ, რა ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ „აკვალაინის“ გუნდი იყოს მოტივირებული და კომპანიის ღირებულებებზე ორიენტირებული?
„აკვალაინში“ მუდმივად ვზრუნავთ პროფესიულ განვითარებასა და ჰარმონიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. Internal Branding-სტრატეგია აძლიერებს თანამშრომლების კავშირს ბრენდთან და ქმნის ერთიან გუნდურ კულტურას.
ჩვენი გუნდის წევრები რეგულარულად გადიან ტრენინგებსა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობენ — ასე ვეცნობით სიახლეებს, ვიზიარებთ გამოცდილებას და ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს.
„აკვალაინში“ უკვე ჩემგან დამოუკიდებლადაც ახორციელებენ პროექტებს და წარადგენენ პრეზენტაციებს, რაც ჩვენი ერთიანი განვითარების შედეგია. გვაერთიანებს ინიციატივები, რომლებიც აძლიერებს გუნდურობას და ხარისხზე ორიენტირებულ გარემოს ქმნის — ადგილს, სადაც თითოეულს სიამაყით შეუძლია თქვას, რომ „აკვალაინის“ ნაწილია.
რამდენად მნიშვნელოვანია პროექტირების ეტაპი, რას მოიცავს ეს პროცესი და როგორ პასუხობთ ახალი რეგულაციების მოთხოვნებს?
„აკვალაინი“ მომხმარებლებს სთავაზობს სპა-კომპლექსების (ცენტრების), სპორტული და კერძო აუზების, ჯაკუზებისა და საუნების საპროექტო მომსახურებას. პროექტირების ეტაპი ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან სწორედ აქ იწყება ნებისმიერი პროდუქტის ან სერვისის ხარისხის, უსაფრთხოებისა და კომფორტის გარანტია.
პროექტირების პროცესში კეთდება:
- ტერიტორიის კვლევა და ანალიზი, რათა სრულად გავითვალისწინოთ ადგილმდებარეობის სპეციფიკა და მომხმარებლის საჭიროებები;
- კონცეფციის შექმნა, რომელიც ასახავს სივრცის მიზანს, სტილსა და ფუნქციურობას;
- ესკიზური პროექტის მომზადება, სადაც პირველად ხდება ვიზუალიზაცია და დიზაინის ძირითადი ელემენტების განსაზღვრა;
- საბოლოო პროექტისა და არქიტექტურული დეტალების დაზუსტება, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ტექნიკურად და ესთეტიკურად ყველაფერი სრულყოფილია;
- მუშა ნახაზები და სპეციფიკაციები, რომლებიც წარმოადგენს საბოლოო მასალას მშენებლობისთვის.
საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირება და არქიტექტურული დეტალების გათვალისწინება საშუალებას გვაძლევს, ყველა სამუშაო მოერგოს თანამედროვე რეგულაციებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს. ამგვარად, მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველ, არამედ ტექნიკურად გამართულ, უსაფრთხო და ეფექტიან ინფრასტრუქტურას.
როგორ მუშაობთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე სუფთა წყლის მნიშვნელობის თემაზე?
ბოლო პერიოდში დასალევი წყლის მიმართულებით გაფართოება აქტიურად დავიწყეთ. მივიჩნევთ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის განვითარებაში. ადამიანის ორგანიზმის 75% ხომ წყალია, და სწორედ სუფთა, ხარისხიანი წყალი განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია ცნობიერება იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ონკანის წყლის ხარისხი და რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს გაუფილტრავი წყალი.
ამიტომ, „აკვალაინი“ მიზნად ისახავს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სისტემების მიწოდებას, არამედ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას სუფთა და უსაფრთხო წყლის მნიშვნელობაზე. ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინიციატივად უნდა გამოვყოთ ჩვენი თანამშრომლობა კომპანია „ეკოსოფტთან“, რომელიც საშუალებას გვაძლევს, საზოგადოებას გავუზიაროთ ცოდნა წყლის რესურსების სწორად გამოყენებასა და ფილტრაციის თანამედროვე სისტემების მნიშვნელობაზე.
ჩვენი მიზანია, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ გაფილტრული წყალი არ არის უბრალოდ კომფორტი ან ტექნოლოგიური სიამოვნება, ეს არის ჯანმრთელი ცხოვრების, ჰიგიენისა და ყოველდღიური კეთილდღეობის აუცილებელი პირობა.
როგორ გაჩნდა Dinamo Tbilisi-ის წყალბურთის გუნდთან თანამშრომლობის იდეა? რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ თანამშრომლობას ორივე მხარისთვის?
„დინამო თბილისის“ წყალბურთის გუნდთან სპონსორობაზე საუბარი სულ ახლახან დავიწყეთ, თუმცა იდეა ძალიან ბუნებრივად გაჩნდა. „აკვალაინისთვის“ სპორტის მხარდაჭერა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა კი არა, განვითარებაში თანამონაწილეობის ფორმაა. გვჯერა, რომ თუ თითოეული ბიზნესი მცირე წვლილს მაინც შეიტანს მსგავსი სახეობების განვითარებაში, შედეგი ბევრად უფრო სწრაფი და თვალსაჩინო იქნება.
საქართველოში წყალბურთი ერთ-ერთია იმ სპორტულ სახეობებს შორის, რომელსაც, სამწუხაროდ, სათანადო ყურადღება არ ექცევა. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ, რომ ჩვენ, როგორც წყლის თემატიკასთან დაკავშირებულ კომპანიას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს. ამ თანამშრომლობით გვინდა, რომ რეალურად დავეხმაროთ სპორტსმენებს, გავზარდოთ საზოგადოების ინტერესი წყალბურთის მიმართ და ხელი შევუწყოთ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას.
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ბიზნესს მივცეთ მაგალითი, რომ ჩაერთოს მსგავს ინიციატივებში, რადგან სპორტის მხარდაჭერა ქვეყნისა და მომავალი თაობების მხარდაჭერაა. „აკვალაინი“ ყოველთვის ცდილობს შექმნას რაღაც მნიშვნელოვანი საზოგადოების სასარგებლოდ და გვჯერა — როცა პასუხისმგებლობის ეს შეგრძნება საერთო ხდება, პროგრესი გარდაუვალია.
ბოლოს, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ კომპანიისგან უახლოეს მომავალში?
კომპანიის სამომავლო გეგმები მიმართულია მუდმივი ზრდისა და განვითარებისკენ. უახლოეს პერიოდში იგეგმება ასორტიმენტის მნიშვნელოვნად გაფართოება — არსებულ ხაზებს დაემატება როგორც ახალი ბრენდები, ასევე სრულიად ახალი პროდუქტის კატეგორიები, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის პირადი სივრცის კომფორტისა და რელაქსაციის უფრო მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზებას.
გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანია ფოკუსირებულია იმაზე, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი პოზიციები ბაზარზე — გააფართოოს წარმომადგენლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გაზარდოს პროდუქციის ხელმისაწვდომობა, შეინარჩუნოს მაღალი ხარისხის სტანდარტები და განავითაროს მომხმარებლის გამოცდილება თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი ინოვაციური მიდგომებით.
S