HBO MAX-მა ილია თოფურიას შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო

HBO MAX-მა ილია თოფურიას შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო

შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პოპულარული ორგანიზაციის UFC-ის მსუბუქი წონის ქართველ ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე, ესპანურმა HBO MAX-მა დოკუმენტური ფილმი გადაიღო. სენიორ მონოს პროდიუსირებით გადაღებული დოკუმენტური ფილმების სერია “Los Topuria” ხუთი ეპიზოდისგან შედგება და ის ქართველი ჩემპიონის მეორე ქამრისაკენ მიმავალ გზას ასახავს.

დოკუმენტური ფილმი მაყურებელს ილია თოფურიას პირად ცხოვრებას, მებრძოლის ყოველდღიურობასა და მის უახლოეს გარემოცვას აცნობს. ფილმების სერიის გლობალური პრემიერა HBO MAX-ზე რამდენიმე თვეში იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.

საინტერესოა, რომ დოკუმენტური ფილმი, რომელიც ილია თოფურიას პირველ საჩემპიონო ქამრამდე განვლილ გზას ასახავს, თავად თოფურიას გუნდმაც გადაიღო. პირველი ქამარი ილია თოფურიამ 2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის ნოკაუტით დამარცხების შემდეგ მოიპოვა და ის UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. ორთაბრძოლაში მან გამოცდილი ბრაზილიელი მებრძოლი, ყოფილი ჩემპიონი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.

გუშინ, UFC-მ საუკეთესო მებრძოლების ჩამონათვალიც განაახლა. UFC317-ზე მსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ, ილია თოფურიამ P4P-რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, კვირას ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართულ ბრძოლამდე ილია ჩამონათვალში მესამე პოზიციაზე იყო.

2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, P4P-რეიტინგს დაღესტნელი ისლამ მახაჩევი ლიდერობდა. ბოლო ცვლილების შემდეგ მახაჩევმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. აქამდე მეორე ადგილზე მყოფმა მერაბ დვალიშვილმა კი – მესამე პოზიციაზე.

ცნობისთვის, სხვადასხვა სპორტული გამოცემის თანახმად, UFC317-ზე გამარჯვებით ქართველმა სპორტსმენმა $3.5-დან $4 მილიონამდე გამოიმუშავა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.