ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა: არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციალური და ცივილიზაციური ზიანი

2 (32)

თენგიზ ვერულავა,

მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

 

ვიზალიბერალიზაციის დაკარგვით, საქართველოსთვის დასავლეთისგან დისტანცირება არ არის მხოლოდ პოლიტიკური მარცხი. ეს, პირველ ყოვლისა, ეგზისტენციალური, ცივილიზაციური და კულტურული ზიანია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს განვითარების იმ გზას, რომლისკენაც ქვეყანა საუკუნეებია, მიისწრაფვის.

საქართველო არ არის უბრალოდ გეოგრაფიულად ევროპასთან ახლოს მდებარე ქვეყანა. საქართველო დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილია — არა მხოლოდ სარწმუნოებრივი კუთვნილებით, არამედ ღირებულებითი სისტემით. ჩვენი ეროვნული თვითშეგნება საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რასაც ჰქვია თავისუფლებისკენ სწრაფვა, ადამიანის პიროვნული ღირსების პატივისცემა და ადამიანებს შორის ერთობის, თანაგრძნობისა და ურთიერთპასუხისმგებლობის კულტურა.

დასავლეთთან ხიდის ჩანგრევა ნიშნავს ამ ღირებულებებთან ისტორიული კავშირის გაწყვეტას — კავშირის, რომელიც ქართულ კულტურაში აირეკლა ლიტერატურაში, ხელოვნებაში, განათლებაში, აკადემიურ სივრცეში და რომელმაც შეგვძინა უნარი, გადაგვერჩინა ეროვნული იდენტობა ისტორიულ განსაცდელთა დროს.

ეს ხიდი არ არის მხოლოდ დიპლომატიური თუ ბიუროკრატიული საშუალება. ის სულიერი და კულტურული ძაფია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვაკავშირებდა ევროპასთან აზროვნებით, სიტყვით, რწმენითა და შემოქმედებით.

ამ კავშირის გაწყვეტა ნიშნავს არა მხოლოდ ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, არამედ იმ სულიერი სივრცის დაკარგვას, რომელშიც ქართველმა ერმა საკუთარი თავი შეიცნო, განსაზღვრა და შეინარჩუნა.

ევროპა ქართველებისთვის ხშირად მხოლოდ იდეალური ფასეულობების სივრცე კი არ არის, არამედ რეალური დახმარების წყაროც — ადგილი, სადაც ადამიანები ჯანმრთელობას ინარჩუნებენ, სიცოცხლეს იბრუნებენ. არაერთი საქართველოს მოქალაქე მკურნალობს ევროპის ქვეყნებში, სადაც მაღალი სტანდარტის ჯანდაცვა, ჰუმანიზმზე დაფუძნებული მიდგომა და თანაგრძნობა მათ სთავაზობს იმ მხარდაჭერას, რასაც ხშირად საკუთარ ქვეყანაშიც კი ვერ პოულობენ. ეს გამოცდილება კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოებრივ აღქმას ევროპაზე, როგორც სივრცეზე, სადაც ადამიანის ღირსება მხოლოდ დეკლარაცია კი არა, პრაქტიკაა.

ამ პრივილეგიის დაკარგვა არ უნდა იქნეს აღქმული მხოლოდ როგორც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. ეს ბევრად ღრმა და სავალალო შედეგს ტოვებს — ეროვნული სულიერი ორიენტირის  შესუსტებას და ჩვენი კულტურული იდენტობის საფუძვლების შერყევას.

ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ ტექნიკური შეთანხმება არ არის. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველო ცივილიზაციური არჩევანით დასავლეთის ნაწილად მიიჩნევს თავს — თავისუფალ სამყაროსთან, სადაც ადამიანის ღირსება უმაღლესი ღირებულებაა.

ჩვენი იდენტობა მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ კულტურულ სივრცესთან, რომელსაც ევროპა ჰქვია. საქართველო ვერ განისაზღვრება მხოლოდ ისტორიული წარსულით — ის განისაზღვრება იმითაც, ვის გვერდით ხედავს საკუთარ მომავალს.
ჩვენ უნდა ვიკითხოთ არა მხოლოდ სად მივდივართ, არამედ რისთვის ვარსებობთ?
არის თუ არა ჩვენი არჩევანი მორალურად თავისუფალი, დემოკრატიული, თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოება? თუ ვირჩევთ ჩაკეტილობას, ამიტომაც, ეს არ არის მხოლოდ ვიზის საკითხი. ეს არის ჩვენი კულტურული იდენტობის, ფასეულობებისა და ეროვნული მომავლის საკითხი. ეს არის სიცოცხლის საკითხი — ვინ ვართ ჩვენ, რა გვწამს და ვის გვერდით გვსურს ვიცხოვროთ.

გააზიარე