Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ლუდის გიგანტმა Heineken-მა თავისი რუსული ბიზნესი სიმბოლურ $1-ად გაყიდა. რუსეთში კომპანიის ბიზნესი აერთიანებდა შვიდ ლუდსახარშს, 1,800 თანამშრომელს, რუსულ შეფუთვასა და კოსმეტიკურ კომპანიას.
Arnest Group-თან გარიგების დასრულებას თითქმის 18 თვე დასჭირდა. რუსეთის ბაზრის დატოვება Heineken-მა უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, 2022 წლის მარტში დააანონსა. მიმდინარე წლის აპრილში, ჰოლანდიურმა ლუდსახარშმა, ბიზნესის გადაცემის მოთხოვნით, რუსეთის ხელისუფლებას მიმართა. კომპანიამ რუსეთში Heineken-ის ბრენდის გაყიდვა გასულ წელს შეწყვიტა. მისივე ინფორმაციით, Amstel-ის ბრენდიც, ქვეყანაში მომდევნო ექვს თვეში ეტაპობრივად გაქრება.
ლუდის გიგანტის ინფორმაციით, Arnest-ი Heineken-ის თანამშრომლებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს. ქვეყნიდან გასვლისთვის, Heineken-ს ერთჯერადი, €300-მილიონიანი გადასახადი დაეკისრება.
ცნობისთვის, Arnest-მა სექტემბერში, კოლორადოში დაფუძნებული ქილის მწარმოებელი Ball-ის რუსული ბიზნესი, $530 მილიონად შეისყიდა. Heineken-ი Arnest Group-ს, რუსეთში სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრიისთვის, კოსმეტიკის, საყოფაცხოვრებო საქონლისა და ლითონის შეფუთვის უმსხვილეს მწარმოებლად მოიხსენიებს.
ცოტა ხნის წინ, რუსეთმა კომპანიებისთვის ქვეყნის დატოვების პირობები გაართულა. აპრილში მიღებული დადგენილებით, რუსეთი იტოვებს უფლებას დროებით აიღოს კონტროლი იმ ქვეყნების კომპანიებისა და ინდივიდების აქტივებზე, რომელთაც ქვეყანა „არამეგობრულ სახელმწიფოებად“ მოიხსენიებს.
გასულ თვეში, მოსკოვმა ფრანგულ კომპანია Danone-სა და დანიურ ლუდსახარშ Carlsberg-ს ადგილობრივი საქმიანობებიც ჩამოართვა. მოსკოვმა Danone-ის მმართველად ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხოლო Carlsberg-ში რუსი ბიზნესმენი დანიშნა.