Helio AI ქართული სტარტაპია, რომელიც კომპანიებს შერჩევის პროცესების ავტომატიზაციაში ეხმარება. პლატფორმა სულ რაღაც 2 წლისაა და მას უკვე 400-ზე მეტი ბრენდი 7 ქვეყნიდან იყენებს.
Helio AI Recruiting Agent-ი რეკრუტერების ასისტენტია, რომელსაც იუზერის ბრძანებით ვაკანსიების შექმნა და სხვადასხვა არხებში განთავსება შეუძლია. აპლიკანტების ერთ სივრცეში მიღება და ავტომატური გადარჩევა, მათთან კომუნიკაცია, სრული შერჩევის პროცესის რეპორტინგი და ახლა უკვე ონბორდინგი – ერთი სივრციდან არის შესაძლებელი.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ Seed Round-ში Helio AI-მ საერთაშორისო ფონდებისგან, SABAH.fund-ის ხელმძღვანელობით, DOMiNO Ventures, Axiom, Tetrad VC-ის და ანგელოზი ინვესტორის, Bas Godska-ს მონაწილეობით $1-მილიონიანი ინვესტიცია მიიღო, რომელიც კომპანიის გლობალურ ბაზრებზე აქტიურ ზრდას და მსოფლიოს მასშტაბით რეკრუტინგის პროცესების სრულიად გარდაქმნას მოხმარდება.
1 წლის წინ ჰელიოს Pre-Seed რაუნდში მონაწილეობდნენ ანგელოზი ინვესტორი, თეიმურაზ ჯაში, საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი – აქსელი და 500 Eurasia, რომელთა მხარდაჭერაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ჰელიოს მიერ ტექნოლოგიის განვითარებასა და ზრდაში.
“უზომოდ მადლიერები ვართ ჩვენი ადრეული ინვესტორების მუდმივი ნდობისა და მხარდაჭერისთვის. სიხარულით მივესალმებით ახალ ფონდებსაც. ყოველთვის დიდი ყურადღებით ვირჩევთ პარტნიორებს, ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ ჰელიოს კულტურას, ენერგიასა და მუშაობის სტილს, რადგან აუცილებელია გვქონდეს სინერგია, როდესაც რაღაც დიდს ვაშენებთ. ეს რაუნდი მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს Helio-ს ისტორიაში, ჩვენი გლობალური განვითარების და იმ გავლენის გაძლიერების გზაზე, რომელსაც უკვე ვქმნით არსებულ ბაზრებზე. და ბოლოს, ჩვენ უბრალოდ დღითი-დღე გვაოცებენ ჰელიოს გუნდის წევრები. ამ ადამიანებმა შეუძლებელი შეძლეს, გულწრფელი მადლობა მათ“, – განაცხადა Helio AI-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, იაკო ჯიქიამ.
- ამავე თემაზე: დამსაქმებლების სAIმედო პარტნიორი
Helio AI-ზე ასევე ისაუბრეს თავად ფონდებმაც და ხაზი გაუსვეს კომპანიის როლს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევის, რეკრუტინგის პროცესის გაუმჯობესებაში.
SABAH.fund-მა მიმართულების აქტუალურობაზე ისაუბრა:
“მოხარულები ვართ ამ რაუნდის “Lead Investor”-ობით და ნამდვილად გამორჩეულ გუნდს ვუჭერთ მხარეს. HR და რეკრუტინგი მსოფლიოს თითქმის ყველა ორგანიზაციას ეხება,
თუმცა ჯერ კიდევ რჩება აქტუალურ პრობლემად, რადგან აქამდე არსებული ტექნოლოგიები ვერ უზრუნველყოფენ მის ეფექტურ მართვას. სწორად აქ დგას ჰელიო და დასაქმების მომავალს უყრის საფუძველს”
Axiom-მა ხაზი ტექნოლოგიებს გაუსვა:
„Helio AI უმკლავდება ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე მუდმივ და ძვირადღირებულ პრობლემას, ადამიანური შესაძლებლობების გააზრებას რეზიუმეს მიღმა.“
Tetrad VC-მ ჰელიოს შედეგებზე ისაუბრა:
“ისინი საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობენ, სხვადასხვა ქვეყანაში ფართოვდებიან … როდესაც სტარტაპი ოპერირების დაწყების დღიდან მუდმივ რეჟიმში იზრდება, თანაც მარკეტინგული ხარჯების გარეშე, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი მუშაობს და მას დიდი პოტენციალი აქვს.“
Domino Ventures-მა გუნდზე ისაუბრა:
“ბოლო 1.5 წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურ კავშირზე ვიყავით მათთან და ვიხილეთ შესანიშნავი თანმიმდევრულობა, გამჭვირვალე კომუნიკაცია და უძლიერესი შესრულება… Helio-ს ყავს გუნდი, რომელსაც შეუძლია მსოფლიო დონის კომპანიის შექმნა.“
ზემოთ ჩამოთვლილი ინვესტორებთან ერთად, რაუნდს შემოუერთდა სერიული ანგელოზი ინვესტორი, Bas Godska. Bas-ი არის Acrobator Ventures-ის დამფუძნებელი და ინვესტორი ისეთი წარმატებული კომპანიების, როგორიცაა დეკაკორნი MIRO და Harver (დასაქმების პლატფორმა, რომელიც შეიძინა აშშ–ში დაფუძნებულმა HR ტექნოლოგიების კომპანია Outmatch-მა). Bas Godska-ს აქვს გამორჩეული და მრავალფეროვანი გამოცდილება კომპანიის ზრდის, მარკეტინგის და რეგიონული გაფართოების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს ჰელიოსთვის.
აღნიშნული ინვესტიციითა და ძლიერი გლობალური მხარდაჭერით, Helio AI კიდევ უფრო დააჩქარებს გაფართოებას, პროდუქტის განვითარებას და მთელ მსოფლიოში დამსაქმებლებისთვის უფრო სწრაფ და ინტელექტუალურ რეკრუტინგს უზრუნველყოფს.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი
















