აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიპლომატი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისსავე დაარსებულმა საკონსულტაციო ფირმამ გაავრცელა.
ჰენრი კისინჯერს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეპოქაში ყველაზე გავლენიან სახელმწიფო მდივნად მიიჩნევდნენ. ის კარიერის განმავლობაში აშშ-ის 12 პრეზიდენტის მრჩეველი იყო.
ჰენრი კისინჯერი წარმოშობით ებრაელი გახლდათ, რომელიც 1923 წელს გერმანიაში, ბავარიის რეგიონში დაიბადა. 1938 წელს ანტისემიტური განწყობების გამო ოჯახთან ერთად ნაცისტური გერმანიიდან ნიუ-იორკში გადავიდა. მეორე მსოფლიო ომში კისინჯერი აშშ-ის არმიის 48-ე ქვეითთა დივიზიის რიგებში გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა.
1969 წელს ჰენრი კისინჯერი პრეზიდენტ ნიქსონის ადმინისტრაციას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის რანგში შეუერთდა და ნიქსონის გადადგომის შემდეგ საქმიანობა ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციაშიც განაგრძო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას სწორედ ნიქსონისა და ფორდის ადმინისტრაციაში იკავებდა.
ჰენრი კისინჯერის სახელს აშშ-ისთვის ისეთი ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენები უკავშირდება, როგორიცაა: ვიეტნამიდან აშშ-ის გასვლის მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დაწყება და „სამკუთხა დიპლომატია“, აშშ-სა და სსრკ-ს შორის შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებების ინიცირება თუ ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დალაგებაში მონაწილეობის მიღება.
1973 წელს ჰენრი კისინჯერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.