ფოტო: Unitree-ის ჰუმანოიდი რობოტები, Getty Images
2025 წელს გლობალურად ჰუმანოიდი რობოტების მიწოდებამ 14,500 ერთეულს გადააჭარბა. მონაცემები, რომლებიც სხვადასხვა წყაროს აერთიანებს და პლატფორმა Rest of World-ის საშუალებით გავრცელდა, აჩვენებს, რომ ბაზარზე ამ ეტაპზე ერთი ქვეყანა დომინირებს – ჩინეთი. 2025 წელს ჰუმანოიდი რობოტების გაყიდვების დაახლოებით 90% სწორედ ამ აზიურ სახელმწიფოზე მოდიოდა.
ამ ჰუმანოიდი რობოტები ძირითადად კვლევით და ინდუსტრიულ სფეროებშია აქტიურად გამოყენებული, თუმცა ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ისინი მალე საცალო ვაჭრობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება ვიხილოთ.
კომპანიებს შორის ბაზარზე ლიდერობას ინარჩუნებს Unitree, რომელმაც 2025 წელს 5,500 ჰუმანოიდი რობოტი გაყიდა. ეს თითქმის ოთხჯერ მეტია წინა წელთან შედარებით. კომპანიის წარმატებას დიდწილად ფასისა და ტექნოლოგიის კომბინაცია განაპირობებს: მისი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი R1 დაახლოებით 5,900 დოლარი ღირს, რაც ჰუმანოიდი რობოტებისთვის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ფასად მიიჩნევა.
მეორე ადგილზეა AgiBot-ი, რომელმაც გასული წლის განმავლობაში 5,168 ერთეული ჰუმანოიდი რობოტი გაყიდა. მისი ყველაზე იაფი მოდელი R1-თან შედარებით უფრო ძვირია (დაახლოებით 14,500 დოლარი), თუმცა კომპანია მაინც სწრაფად იზრდება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ჩინეთში 2025 წელს ჰუმანოიდი რობოტების 21 ახალი მოდელი გამოვიდა, მაშინ როცა 2022 წელს ეს რიცხვი მხოლოდ სამს შეადგენდა.
ჩინური კომპანიების დომინაციას კიდევ უფრო ამყარებენ ისეთი მოთამაშეები, როგორიცაა UBTECH-ი, Leju Robotics-ი, Engine AI და Fourier Intelligence-ი. თითოეული მათგანი ასეულობით ერთეულ ჰუმანოიდ რობოტს ყიდის და ბაზრის გაფართოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
შედარებით ნელია ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მართალია, ილონ მასკი პროგნოზირებს, რომ 2040 წლისთვის ჰუმანოიდი რობოტები ადამიანებსაც გადააჭარბებენ რაოდენობით, მისი კომპანია Tesla ამ მიმართულებით განვითარების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. 2025 წელს კომპანიამ ბაზარს Optimus-ის მხოლოდ 150 მოდელი მიაწოდა. მასობრივი გაყიდვები 2027 წლიდან არის მოსალოდნელი.
მსგავსი მასშტაბის მიწოდება აქვთ Figure AI-სა და Agility Robotics-საც. თუმცა საინტერესოა, რომ შედარებით მცირე მიწოდების მიუხედავად, Figure AI-ის შეფასება 39 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები ამ ინდუსტრიაში გრძელვადიან პოტენციალს ხედავენ.
ჩინეთის უპირატესობა მხოლოდ კომპანიების რაოდენობით არ აიხსნება. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე იანძის დელტა ერთ-ერთი ყველაზე ინტეგრირებული საწარმოო ეკოსისტემაა მსოფლიოში, სადაც როგორც მწარმოებლები, ისე კომპონენტების მომწოდებლებია თავმოყრილი. ამავე რეგიონში ოპერირებენ ტექნოლოგიური გიგანტებიც, მათ შორის Alibaba, რომელიც უკვე ავითარებს ხელოვნური ინტელექტის მოდელებს რობოტიკისთვის.
გარდა ამისა, ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარება ჰუმანოიდი რობოტების წარმოებას დამატებით ბიძგს აძლევს. ორივე სფეროსთვის საჭირო კომპონენტები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა.
| კომპანია | გაყიდული ერთეულები (2025) | ქვეყანა |
|---|---|---|
| Unitree | 5,500 | ჩინეთი |
| AgiBot | 5,168 | ჩინეთი |
| UBTECH | 1,000 | ჩინეთი |
| Leju Robotics | 500 | ჩინეთი |
| Engine AI | 400 | ჩინეთი |
| Fourier Intelligence | 300 | ჩინეთი |
| Figure AI | 150 | აშშ |
| Agility Robotics | 150 | აშშ |
| Tesla | 150 | აშშ |
| სხვა | 1,350 | სხვადასხვა |










