საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 48.9 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 13.3%-ითაა შემცირებული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 17.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.6%-ით მეტია.
სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.4% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 14.3% – საშუალოზე, ხოლო 16.4% – მცირე ბიზნესზე.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 47.8%, საშუალოზე – 24.0%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 28.2%.
I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 25.8 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.0%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 16.0 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით მეტი) შეადგინა.
ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 749.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წლიურად 4.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.5% ქალია, ხოლო 56.5% – კაცი.
აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.3% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 19.5% – საშუალოზე, ხოლო 36.1% – მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 703.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8% მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4.3 მლრდ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1%-ით მეტი).
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1,985.4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 226.3 ლარით), მათ შორის, ქალების ხელფასმა 1,559.2 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 163.7 ლარით).
ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი შემდეგ დარგებს აქვს:
- ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) – 35.0%;
- ხელოვნება, გართობა და დასვენება – 33.7%;
- დამამუშავებელი მრეწველობა – 8.5%;
- მშენებლობა – 5.4%;
- ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.4%;
- დანარჩენი დარგები – 13%.