სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 179.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია. საქსტატის განცხადებით, კლების მიზეზი როგორც სააქციო კაპიტალის, ისე სავალო ვალდებულებების შემცირება გახდა.
I კვარტალში სააქციო კაპიტალის მოცულობამ 62.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6%-ს შეესაბამება. რაც შეეხება რეინვესტიციებს, მისი მაჩვენებელი 150.0 მლნ აშშ დოლარი იყო და წილი კი 83.6%-ით განისაზღვრა.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება: პირველ პოზიციაზე ჩეხეთია 43.0 მლნ აშშ დოლარით, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.9%-ს წარმოადგენს. მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები 39.6 მლნ აშშ დოლარით (22.1%), ხოლო მესამე ადგილს თურქეთი იკავებს 28.1 მლნ აშშ დოლარით (15.7%). აღნიშნული სამი ქვეყნის წილი ჯამში ინვესტიციების საერთო მოცულობის 61.7%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით რუსეთი მე-8 ადგილს იკავებს, საიდანაც 19.2 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა. შედარებისთვის, გასული წლის ამავე პერიოდში მაჩვენებელმა 7.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
