I კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთების 53.5% რუსეთზე მოდის

I კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთების 53.5% რუსეთზე მოდის

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სს „საქართველოს რკინიგზის“ მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის I კვარტალში, საქართველოს რკინიგზით 3.2 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანეს. ეს წლიურ ჭრილში 2.5 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია.

აქედან 12.0 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 28.9 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.1 პროცენტი – ტრანზიტზე.

აღსანიშნავია, რომ I კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 29.4 პროცენტი მოდის ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე, 70.6 პროცენტი კი – ქვეყანაში შემოტანილზე.

ამავე პერიოდში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53.5 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 22.9 პროცენტის გამომგზავნს – აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 23.6 პროცენტი).

ამასთანავე, რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 10.2 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 89.8 პროცენტი).

ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 16.2 პროცენტი – ნიდერლანდები, 8.1 პროცენტი – თურქეთი, 7.9 პროცენტი – ჩინეთი, 3.3 პროცენტი – იტალია, 3.3 პროცენტი – უკრაინა, 2.4 პროცენტი – რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 2.7 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 1.5 პროცენტისას – ჩინეთი, 1.4 პროცენტისას – უკრაინა, 1.3 პროცენტისას – საბერძნეთი, 1.1 პროცენტისას – აშშ, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32.7 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდიოდა, 28.4 პროცენტი – ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 9.0 პროცენტი – საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 61.2 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდიოდა, 12.6 პროცენტი ეჭირა ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფს, ხოლო 11.6 პროცენტი – სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებს.

საერთაშორისო გადაზიდვების შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (54.7 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (19.8 პროცენტი), ძირითადი ლითონები (6.4 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა კარიერული პროდუქტები (3.5 პროცენტი) და სოფლის მეურნეობის პროდუქტები (3.5 პროცენტი); ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სხვა კარიერული პროდუქტები (52.6 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (20.5 პროცენტი), ძირითადი ლითონები (13.4 პროცენტი) და სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (8.9 პროცენტი).

ხოლო ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 72.5 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: ლითონის მადანი და სხვა კარიერული პროდუქტები (34.1 პროცენტი), ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (26.6 პროცენტი) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (11.8 პროცენტი).

I კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 465.9 ათასი მგზავრი, რაც 1.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 128.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 6.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.