I კვარტალში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში 215.5 ათასი ვიზიტი განხორციელდა

I კვარტალში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში 215.5 ათასი ვიზიტი განხორციელდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა. საქსტატის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე. აქვე აღსანიშნავია, რომ შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 48.3 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

ამავე პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა. ეს 2023 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელს 8.6 პროცენტით აღემატება. ამასთანავე, 2024 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 957.8 ათასს მიაღწია, რაც 9.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

მათ შორის, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 938.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 11 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტორების 81.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, ექსკურსანტების წილმა კი 14.5 პროცენტი შეადგინა. ვიზიტორების 4 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.1 ათასი, თურქეთიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 19.2%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 14.5%-იანი წილით.

შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (254.6 ათასი), რუსეთის ფედერაციის (215.5 ათასი) და სომხეთის (191.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.

2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 6.9 პროცენტით მეტია. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის I კვარტალთან შედარებით 1.6 პროცენტით შემცირდა და 1 869.1 ლარი შეადგინა.