I კვარტალში საქართველოს ნავსადგურების მგზავრთნაკადი 16.5%-ით გაიზარდა

I კვარტალში საქართველოს ნავსადგურების მგზავრთნაკადი 16.5%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 451 გემი შემოვიდა. მათი 50.1 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 22.2 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდი, 18.2 პროცენტი – კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 9.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

საქსტატის ცნობით, გასულ კვარტალში წლიურ ჭრილში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 2.6-ჯერ მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 32.2 პროცენტით მეტი – გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 11.5 პროცენტით ნაკლები – თხევადი ტვირთმზიდი, 12.8 პროცენტით ნაკლები – კონტეინერმზიდი.

შემოსული გემების 18.2 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16.6 პროცენტი – თურქეთის, 10.2 პროცენტი – მალტის, 8.4 პროცენტი – ლიბერიის, დანარეჩნი 46.6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ I კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 2.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 16.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილს აღემატებოდა გასული მგზავრების წილი, რომელმაც 56.8 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3.7 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 9.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. მათ შორის 52.5 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 28.8 პროცენტი – თხევადი ტვირთი, ხოლო 18.7 პროცენტი – ნაყარი ტვირთი.