სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 4041 გემი შემოვიდა. მათი 42.3 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 28.0 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდი, 23.3 პროცენტი – კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 6.4 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
საქსტატის ცნობით, გასულ კვარტალში წლიურ ჭრილში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 28.6 პროცენტით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 9.6 პროცენტით მეტი – გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 1.8 პროცენტით მეტი – თხევადი ტვირთმზიდი, 1.1 პროცენტით მეტი – კონტეინერმზიდი და 36.0 პროცენტით ნაკლები – ნაყარი ტვირთმზიდი.
შემოსული გემების 17.8 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16.6 პროცენტი – თურქეთის, 9.7 პროცენტი – ლიბერიის, 9.2 პროცენტი – რუსეთის, 7.7 პროცენტი – მალტის, დანარჩნი 39.0 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ I კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 1.8 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 50.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 55.6 პროცენტი შეადგინა.
ამავე პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3.39 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 8.0 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. მათ შორის 45.7 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 31.1 პროცენტი – თხევადი ტვირთი, ხოლო 23.2 პროცენტი – ნაყარი ტვირთი.