I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 13.7%-ით შემცირდა

I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 13.7%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2023 წლის I კვარტალში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 496.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2022 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, თუმცა გასული წლის ბოლო, IV კვარტალის მონაცემს 53.3%-ით აღემატება.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით,  17%-ით გაიზარდა და 300.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ უკანასკნელის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 60.5%-ს შეადგენს. რეინვესტიციამ (სხვაობა მოგება-ზარალსა და დივიდენდებს შორის) კი 189.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 38.2%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება სავალო ვალდებულებებს, რომელშიც აისახება სავაჭრო კრედიტები და სესხები, ამ მაჩვენებელმა 6.8 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

2023 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა, 239.6 მილიონი აშშ დოლარით, ნიდერლანდები აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის წილი მთლიან ინვესტიციებში 48.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე, 63.2 მილიონი აშშ დოლარითა და 12.7%-იანი წილით, იაპონიაა; მესამე პოზიციას კი 54.7 მილიონი აშშ დოლარით და 11%-იანი წილით აშშ იკავებს.

2023 წლის I კვარტალის მიხედვით, საქართველოს 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა:

  1. ნიდერლანდები $239.6 მილიონი
  2. იაპონია $63.2 მილიონი
  3. აშშ $54.7 მილიონი
  4. თურქეთი $47 მილიონი
  5. რუსეთი $28.2 მილიონი
  6. მარშალის კუნძულები $23.7 მილიონი
  7. ყაზახეთი $20 მილიონი
  8. ჩინეთი $19.9 მილიონი
  9. დანია $11.1
  10. შვეიცარია $10.3

უმსხვილეს სექტორებს შორის კი ვხვდებით: 

დამამუშავებელი მრეწველობა $226.3 მილიონი
ვაჭრობა $90.7 მილიონი
ტრანსპორტი $43.3 მილიონი
ინფორმაცია და კომუნიკაცია $42.3 მილიონი
ენერგეტიკა $39.2 მილიონი