კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის I კვარტალში ტელე-რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავლები წლიურად 0.5%-ით გაიზარდა და 15.6 მილიონ ლარს გაუტოლდა.
ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებულმა თანხამ 14 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 64.9% პირდაპირ რეკლამაზე, 18.4% კი პროდუქტის განთავსებაზე მოდის.
საანგარიშო პერიოდში კომერციულ სარეკლამო შემოსავლებში ყველაზე დიდი წილით „ტელეიმედია“ წარმოდგენილი. მისი შემოსავალი წლიურად 0.7 მილიონი ლარით გაიზარდა და 5.3 მილიონი შეადგინა. „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში ეს მონაცემი 0.3 მილიონი ლარით შემცირდა და 1.8 მილიონ ლარს გაუტოლდა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, არ შეცვლილა „პოსტვ“-ის შემოსავალი და 1.5 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, 0.1 მილიონი ლარით გაიზარდა „მთავარ არხის“ შემოსავალი და 1.4 მილიონ ლარს მიაღწია. ComCom-ის ცნობით, 0.8 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.3 მილიონი ლარით ნაკლებია.
2024 წლის I კვარტალში რადიომაუწყებლების მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი წლიურად 6%-ით გაიზარდა და 1.6 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 91%-მდე პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 9%-ზე მეტი სპონსორობაზე მოდიოდა.
კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.