იანიკ სინერმა „უიმბლდონზე“ $4 მილიონი მოიგო - თუმცა რეალურად ამ თანხის ნახევარს მიიღებს

იანიკ სინერმა „უიმბლდონზე“ $4 მილიონი მოიგო - თუმცა რეალურად ამ თანხის ნახევარს მიიღებს

იანიკ სინერი კვირას კაცთა შორის „უიმბლდონის“ ჩემპიონი გახდა, მას შემდეგ რაც ფინალში კარლოს ალკარასს ანგარიშით 4-6, 6-4, 6-4, 6-4 სძლია და ტიტულთან ერთად $4-მილიონიან ჯილდოსაც დაუფლა. ერთი დღით ადრე, ამავე რაოდენობის თანხა ქალთა ტურნირის გამარჯვებულმა, იგა შვიონტეკმაც ჩაიწერა ანგარიშზე. თუმცა, როგორც საგადასახადო ანალიტიკოსებმა Forbes-ს განუცხადეს, გამარჯვებულთა მიერ მოგებული თანხა გადასახადების დაფარვის შემდეგ თითქმის განახევრდება.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი არა მხოლოდ პრიზებზე აწესებს გადასახადს, არამედ იმ სპონსორებზეც, რომელთა აღჭურვილობითაც ჩოგბურთელები ტურნირში მონაწილეობენ. მონაკოში მომუშავე საერთაშორისო საგადასახადო კონსულტანტის, ანდრეას ბოსეს განმარტებით, მოთამაშეებს ჯერ საწყისი, 20%-იან გადასახადი ეკისრებათ, საბოლოოდ კი, შესაბამისი ხარჯების გამოკლების შემდეგ, საგადასახადო განაკვეთი შეიძლება 45%-მდე გაიზარდოს.

OFS Wealth-ის საგადასახადო დირექტორმა შონ პაკარდმა განაცხადა, რომ „უიმბლდონის“ £3-მილიონიანი (დაახლოებით $4.05 მილიონი) პრიზის ეფექტური საგადასახადო განაკვეთი დაახლოებით 36.52%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ სინერის მიერ მისაღები თანხა $2.5 მილიონამდე შემცირდება.

რაც შეეხება იგა შვიონტეკს, სავარაუდოდ, ის პოლონეთში 4%-იან გადასახადსაც გადაიხდის, რაც ჩემპიონატში მოგებულ თანხას დამატებით 162,000 აშშ დოლარით შეამცირებს.

იანიკ სინერი, რომელიც წარმოშობით იტალიელია, დღეს ძირითადად მონაკოში ცხოვრობს, სადაც შემოსავლის გადასახადი არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ის დამატებითი საგადასახადო ტვირთისგან გათავისუფლდება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფინალისტებისთვის გადაცემული 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პრიზი 700,000 აშშ დოლარით, 1.2 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდება, თუ ის 36.52%-იანი განაკვეთით დაიბეგრება.