საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ცრა თვეში საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულება (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4.6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12.7%-ით მეტია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მთლიან ექსპორტში ქვეყნის ადგილობრივი ექსპორტის წილი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 47.2%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 22.5%-ით არის შემცირებული და 2.17 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 75.2% შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე რუსეთია, 412.3 მილიონი აშშ დოლარით. $290.5 მილიონით მეორე ადგილს თურქეთი იკავებს, სამეულს კი ჩინეთი ასრულებს 235 მილიონი აშშ დოლარით.
საანგარიშო პერიოდში ადგილობრივ ექსპორტში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, 433 მილიონი აშშ დოლარითა და 19.9%-იანი წილით. მეორე ადგილს ყურძნის ნატურალური ღვინოები იკავებს, შესაბამისად, $193 მილიონითა და 8.9%-ით; მესამე ადგილზე კი ფეროშენადნობებია $140.1 მილიონითა და 6.4%-იანი წილით.