იანვარ-თებერვალში საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი მე-3 ადგილზე იყო - რა ვიყიდეთ და გავყიდეთ?

იანვარ-თებერვალში საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი მე-3 ადგილზე იყო - რა ვიყიდეთ და გავყიდეთ?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 3.51 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1.02 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, იმპორტი კი 2.48 მილიარდ აშშ დოლარს. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი 22.9%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე შემთხვევაში 15.4%-ით შემცირდა.

ამავე პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა თითქმის 1.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.5%-ია.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტში დსთ-ის ქვეყნების წილი 49.3%-ს შეადგენს, ევროკავშირის ქვეყნებზე კი 12.2% მოდის. რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში ევროკავშირის წევრებზე უფრო დიდი წილი, 24% მოდის, ხოლო დსთ-ის სახელმწიფოებზე 23.8%.

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი 418.3 მილიონი აშშ დოლარი მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ თურქეთსა (499.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთს (457.8 მლნ. აშშ დოლარი) ჩამორჩება. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს ექსპორტში რუსეთი მეოთხე პოზიციაზეა 92.01 მილიონი აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, ის 326.33 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილს იკავებს. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი 28%-ით არის გაზრდილი, მეორე შემთხვევაში კი – 5.4%-ით შემცირებული.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან, 2026 წლის იანვარ-თებერვალში, ყურძნის ნატურალური ღვინოები ლიდერობს. ამ პროდუქტის ექსპორტის მოცულობამ 21.07 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე სპირტიანი სასმელებია 20.02 მილიონი აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის დანამატების გარეშე) იკავებს 12.25 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულში მოხვდა ხილი, კაკალი და საკვებად ვარგისი მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით მომზადებული ან დაკონსერვებული, ასევე ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან, შესაბამისად, 10.42 მილიონითა და 4.95 მილიონი აშშ დოლარით.

რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ საქონელს, ამ შემთხვევაში, 62.29 მილიონი აშშ დოლარით ნავთობი და ნავთობპროდუქტები ლიდერობს, მეორე ადგილზე  ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია 49.29 მილიონი აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი ხორბალი და მესლინი იკავებს 10.69 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულს ასრულებს ელექტროენერგია, ასევე ნახშირწყალბადების სულფირებული წარმოებულები, შესაბამისად, 10.61 და 8.59 მილიონი აშშ დოლარით.