2017 წლის იანვარში, წინა თვესთან (დეკემბერთან), შედარებით საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 101 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 56 მლნ დოლარით შემცირდა. ეს შედეგი უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ლარიზაციამ განაპირობა.
ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 1.1 მილირდი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 308 მლნ დოლარით არის გაზრდილი. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 65.3%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 65.8% იყო.
იანვარში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 34 მლნ ლარით გაიზარდა და 446 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.3%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის 1 თებერვალს 2% იყო.
2017 წლის იანვარში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი არ შეცვლილა და 18.2% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე კი იანვარში განაკვეთი 0.1% პუნქტით გაიზარდა და 8.8% შეადგინა.