ფოტო: Phynart Studio/Getty Images
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 6.5%-ით.
2025 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფში ფასები 2026 წლის იანვარში 7.3%-ით გაიზარდა, რაც 0.55 პროცენტული პუნქტით აისახა ჯამური ინდექსის ზრდაზე.
ამავე პერიოდში, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფის ფასები გაიზარდა 0.8%-ით, რამაც 0.59პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამ კატეგორიაში განსაკუთრებით აღსანიშნავია კვების პროდუქტების ფასების 0.9%-იანი და ძირითად ლითონებზე ფასების 3.4%-იანი ზრდა, რომელიც ინდექსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
თვიურ ჭრილში ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფშიც. აქ ფასები 0.8%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც აღნიშნულმა კატეგორიამ 0.08 პროცენტული პუნქტით გაზარდა თვის ჯამური ინდექსი.
ბოლო 12 თვის განმავლობაში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სამთო-მოპოვებით, დამამუშავებელ და ენერგეტიკულ სექტორებში.
სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფში ფასები 36.4%-ით გაიზარდა, რაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 2.25 პროცენტული პუნქტით აისახა. განსაკუთრებით გაიზარდა ლითონის მადნების ფასები – 51.4%-ით.
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7%-ით, რაც ინდექსის ზრდაზე 3.73 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ კატეგორიაში ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებსა (11.8%) და ძირითად ლითონებზე (8.2%).
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფში ფასები ბოლო 12 თვეში 3%-ით გაიზარდა, რაც ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა.
წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაიზარდა ფასები ჯგუფში: წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით. ამან მთლიან ინდექსზე 0.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.









