Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2,892 ერთეული შეადგინა. ეს 2024 წლის იანვართან შედარებით 7.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
თუმცა, ტრანზაქციების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 2.9%-ით, 208 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც გარკვეულწილად ფასების ზრდამ განაპირობა.
ახალ პროექტებში წლიურ ჭრილში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების 0.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. Colliers Georgia-ს განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ასეთი დაბალი მაჩვენებელი ამით იყოს განპირობებული.
რაც შეეხება ძველ პროექტებს, 2024 წლის იანვართან შედარებით, მაჩვენებელი 29.2%-ით შემცირდა. “აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წელია, ძველ პროექტებში კლების ტენდენცია ნარჩუნდება, თუმცა 29.2%-ზე დიდი კლება 2012 წლიდან მხოლოდ პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა,” – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურ ჭრილში 12.5%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში კი, შესაბამისად, 10.4% და 7.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საანგარიშო პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 24.8%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 8.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ქალაქის ცენტრში კი – 5.8%-იანი. Colliers Georgia-ს თანახმად, ფართო ცენტრში ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება “განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის იანვარში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება”. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 7.1%-ით გაიზარდა.