იანვარში თბილისში უძრავი ქონება წლიურად 9%-ით გაძვირდა

იანვარში თბილისში უძრავი ქონება წლიურად 9%-ით გაძვირდა

TBC Capital-მა გამოაქვეყნა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვა, რომლის თანახმადაც, 2024 წლის იანვარში თბილისში 2,967 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 5%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს, თუმცა 2023 წლის დეკემბერთან შედარებით კლება მნიშვნელოვანია (-19%).

საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე $1,205 შეადგინა და წლიურად 9%-ით გაიზარდა. გასაქირავებელი ფასი კვ.მ-ზე $12.0-ს გაუტოლდა, რაც 2023 წლის იანვრის მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება. მთლიანი ბაზრის მოცულობა კი $234 მილიონია, რაც წლიურად 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასის დინამიკა ($/კვ.მ)

წყარო: TBC Capital

აღსანიშნავია, რომ იანვარში 638 ახალი (+16% წლიურ ჭრილში) და 2,329 ძველი ბინა (+2% წლიურ ჭრილში) გაიყიდა. საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად როგორც ახალ (+14%), ისე ძველ (+9%) ბინებზე გაიზარდა.

გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი (25% მთლიან გაყიდვებში) კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო რიგით მეორეზე საბურთალო (15%). ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი წლიური ზრდით სამგორი გამოირჩა, გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი დიდ დიღომში დაფიქსირდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვებში წლიური ზრდა დიდ დიღომში, ნაძალადევში, დიდუბესა და გლდანში შეიმჩნევა.

კვ.მ-ზე საშუალო გასაყიდი ფასი ვაკეში კვლავ $2,000-ის ფარგლებში მერყეობდა. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით ჩუღურეთი (+24%), ნაძალადევი (+21%) და გლდანი (+19%) გამოირჩეოდა.