ფუკუშიმის ბირთვული რეაქტორის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ, იაპონიაში მსოფლიოს უდიდესი ბირთვული ელექტროსადგურის თავიდან ჩასართავად ემზადებიან. ბირთვული რეაქტორის ამოქმედებისთვის საჭირო ნებართვა შესაბამისი რეგიონიდან უკვე გაცემულია და განხორციელებამდე ცოტა დრო რჩება.
მსოფლიოს ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური, კაშივაძაკი-კარივა ტოკიოდან 220 კილომეტრში მდებარეობს და ის ერთ-ერთია იმ 54 რეაქტორიდან, რომლებიც 2011 წელს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გათიშეს.
2011 წლის ინციდენტის შემდეგ იაპონიამ 33 მოქმედი რეაქტორიდან 14 კვლავ აამუშავა, რისი მიზანიც იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება იყო.
იაპონიის მთავრობამ ზემოაღნიშნული რეაქტორის თავიდან ჩასართავად ნებართვა ნიიგატის პრეფექტურის ასამბლეისაგან მიიღო. ნიიგატის პრეფექტურის გუბერნატორი, ჰიდეიო ჰანაზუმი რეაქტორის ამოქმედებას მხარს უჭერს.
თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ყველასათვის მისაღები არ ყოფილა. ასამბლეის მიმდინარეობის პარალელურად, ორგანოს გადაწყვეტილებას 300-მდე დემონსტრანტი აპროტესტებდა, რომლებიც კაშივაძაკი-კარივას რეაქტორის ჩართვას ეწინააღმდეგებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა შვიდიდან პირველი რეაქტორის ჩართვას მომდევნო წლის 20 იანვრისთვის გეგმავს. ატომური ელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 8.2 გიგავატია, რაც მილიონობით ოჯახის ენერგიით უზრუნველსაყოფადაა საკმარისი.
ცნობისთვის, აღნიშნულ ელექტროსადგურს ოპერირებას ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანია (TEPCO) გაუწევს – იგივე კომპანია, რომელიც ფუკუშიმის ატომურ ელექტროსადგურს მართავდა. კომპანიამ რამდენიმე თვის წინ ნიიგატის მცხოვრებლების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, აღნიშნულ პრეფექტურაში მომდევნო ათი წლის განმავლობაში $641 მილიონის ინვესტირების ვალდებულება აიღო.
მიუხედავად ამისა, უკანასკნელი კვლევის თანახმად, რეგიონის მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ ატომური ელექტროსადგურის ამუშავებისთვის საჭირო ყველა ზომა არ მიუღიათ. 70%-ს კი ის ფაქტი აღელვებს, რომ ელექტროსადგურს ოპერირებას სწორედ TEPCO გაუწევს.

















