სამშაბათს, 21 ოქტომბერს, იაპონიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ქვეყნის ისტორიაში პირველად კანდიდატი ქალი, სანაე ტაკაიჩი აირჩია. ტაკაიჩიმ 465-ადგილიანი ქვედა პალატიდან 237 ხმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საჭირო უმრავლესობაზე ოთხი ხმით მეტია. ამ შედეგიდან მალევე, მან ზედა პალატაში მეორე ტურიც მოიგო.
პარლამენტში კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, ტაკაიჩის პარტია ლიბერალ-დემოკრატებსა და „ინოვაციების პარტიას“ შორის კოალიცია შედგა. არსებული მოლოდინით, იაპონიის ახალი მმართველი კოალიცია დღის წესრიგში თავდაცვის ხარჯების გაზრდის, გადასახადების შემცირებისა და ქვეყნის შეჩერებული ბირთვული ელექტროსადგურების ხელახლა ექსპლუატაციაში შესვლის საკითხებს დააყენებს. მომავალ კვირაში იაპონიაში ვიზიტს გეგმავს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ქვეყნის ახლად არჩეულ პრემიერს შეხვდება.
ტაკაიჩის პრემიერ-მინისტრად არჩევა ისტორიული მიღწევაა ქვეყნისთვის, სადაც ქალებს პოლიტიკური წარმომადგენლობის დაბალი რეიტინგი აქვთ. ტაკაიჩიმ უკვე დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც. მათ შორის თავდაცვის მინისტრად შინჯირო კოიზუმი და ტოშიმიცუ მოტეგი – საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. ასევე ქვეყნის ისტორიაში პირველად, ფინანსთა მინისტრის პოსტს პოლიტიკოსი ქალი, საცუკი კატაიამა დაიკავებს.
ეკონომიკასთან მიმართებით ტაკაიჩის შეხედულებები გარკვეულწილად ემხრობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს მიდგომას, რომელიც რეფლაციისტურ ეკონომიკურ პლატფორმას, ასევე ცნობილს როგორც „აბენომიკა“ უჭერდა მხარს. ტაკაიჩი ნიის ეკონომიკური ზრდის ტემპის გასაძლიერებლად სახელმწიფო ხარჯების გაზრდის მომხრეა და იაპონიის ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო აკრიტიკებს.
ინვესტორების ოპტიმისტური დამოკიდებულების გამო, პრემიერის პოსტზე ტაკაიჩის არჩევას დადებითი გავლენა ჰქონდა ქვეყნის საფონდო ინდექსებზე. Nikkei 225 სამშაბათს 1.5%-ით გაიზარდა და 49,900 პუნქტს გადააჭარბა, რაც ისტორიულ 50,000 პუნქტთან ახლოსაა. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს ინდექსი 26%-ზე მეტით გაიზარდა.