იაპონური სოციალური გავლენის ინვესტორი Gojo & Company, Inc. კრედო ბანკში სააქციო წილს ზრდის

იაპონური სოციალური გავლენის ინვესტორი Gojo & Company, Inc. კრედო ბანკში სააქციო წილს ზრდის

კრედო ბანკის აქციონერმა, იაპონურმა სოციალური გავლენის ინვესტორმა, Gojo & Company, Inc.-მა, სააქციო წილი 33.2%-მდე გაზარდა. ტრანზაქცია განხორციელდა Triodos Microfinance Fund-ისა და Triodos Fair Share Fund-ის აქციების შეძენით – ფონდების, რომლებსაც Triodos Investment Management BV მართავს და ათწლიანი წარმატებული პარტნიორობის შემდეგ, ბანკის მფლობელობიდან გავიდნენ.

აღნიშნული ტრანზაქცია ხაზს უსვამს Gojo & Company, Inc.-ის ნდობას კრედო ბანკისა და საქართველოს საფინანსო სექტორის მდგრადობის, სტაბილურობისა და პოტენციალისადმი. როგორც ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი, Gojo & Company, Inc. კიდევ უფრო გააძლიერებს ბანკის  სტრატეგიულ კურსს, უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი, ინოვაციური და ინკლუზიური ფინანსური სერვისების შეთავაზება.

“Gojo-ს მიერ განხორციელებული დამატებითი ინვესტიცია კიდევ უფრო გააძლიერებს კრედო ბანკის მისიას, მივაწოდოთ მდგრადი ფინანსური სერვისები მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს, ციფრულ და ინოვაციურ პროდუქტებზე გამორჩეული აქცენტით. აქვე მინდა განსაკუთრებული  მადლობა გადავუხადო Triodos Investment Management-ს მხარდაჭერისთვის, ისეთ რთულ პერიოდშიც კი, როგორიც იყო COVID პანდემია. ამ დროს მათი ჩართულობითა და მოქნილობით შევძელით შეუფერხებლად გაგვეგრძელებინა მომხმარებელთა მომსახურება. აღნიშნულმა პარტნიორობამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი ზრდის პროცესში და მოუთმენლად ველით განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას” – განაცხადა კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა ფირცხელავამ.

არნო ვენტურა, Gojo & Company, Inc.-ის მმართველმა პარტნიორმა აღნიშნა: “ჩვენთვის დიდი პატივია, ტრიოდოსის მემკვიდრეობის გაგრძელება და კრედო ბანკის განვითარებაში მონაწილეობის მიღება. ეს სტრატეგიული შენაძენი ასახავს ჩვენს ნდობას კრედოს გუნდისა და საქართველოში ფინანსური ჩართულობის მიმართ. მოუთმენლად ველით ბანკის გუნდთან თანამშრომლობით კიდევ უფრო გავზარდოთ მათი სოციალური გავლენა.”

Triodos Investment Management-ის კერძო კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელმა, კასპარ სპროკელმა, განაცხადა: “კრედო ბანკთან ათწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, ჩვენ ვხედავდით ბანკის ძალისხმევას, მიეწოდებინათ ფინანსური მომსახურების სერვისები საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს იყო გამორჩეული გზა, საკრედიტო ორგანიზაციიდან სრულფასოვან კომერციულ ბანკად გარდაქმნამდე. მიგვაჩნია, რომ ცვლილებებისთვის შესაფერისი დროა და დარწმუნებულები ვართ, რომ Gojo თავისი გამოცდილებით, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კრედო ბანკის ზრდასა და განვითარებას.”

კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 94 სერვისცენტრით, 500,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით, ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებსა და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

Triodos Investment Management BV 30 წელზე მეტია აკავშირებს ინვესტორებს, რომლებსაც სურთ თავიანთი კაპიტალის ჩადება ხანგრძლივ და პოზიტიურ ცვლილებებში, ინოვაციურ მეწარმეებსა და კომპანიებში. ამგვარად, Triodos Investment Management მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ სექტორებში, რომლებიც ხელს უწყობენ სამართლიანი, მდგრადი და ჰუმანური სამყაროს შექმნას. კომპანიის საინვესტიციო საქმიანობა ხუთ ძირითად თემაზეა ფოკუსირებული: სურსათი, რესურსები, ენერგეტიკა, საზოგადოება და კეთილდღეობა. Triodos Investment Management-ის მისიაა აღნიშნული გარდამავალი პროცესების ხელშეწყობა და დაჩქარება. იგი, როგორც სოციალური გავლენის ინვესტორი, ოპერირებს გლობალურად და წარმოადგენს Triodos Bank NV-ის შვილობილ კომპანიას, რომლის აქტივები 2024 წლის მდგომარეობით 5.8 მილიარდ ევროს შეადგენს.

Gojo & Company, Inc. ტოკიოში დაფუძნებული ჰოლდინგ კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ინკლუზიური ფინანსური სერვისების მომწოდებელ კომპანიებს და ოპერირებს აზიის, კავკასიისა და აფრიკის 14 ქვეყანაში. კომპანია 2014 წელს დაარსდა მსოფლიოში ფინანსური ჩართულობის ამაღლების მიზნით. 2025 წლის მარტის მდგომარეობით, Gojo ჯგუფი 3.4 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Gojo 2025 წლის იანვრიდან Certified B Corporation™-ია, რომელიც მუდმივად ზრუნავს სოციალური და გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესებაზე.