იდეების მშენებელი - ინტერვიუ ირაკლი ურუშაძესთან

იდეების მშენებელი - ინტერვიუ ირაკლი ურუშაძესთან

სამშენებლო კომპანია GRAVITA ორგანიზაციული რეფორმირების პროცესშია. 2021 წლის ნოემბრიდან კომპანიას სათავეში პროფესიით ფინანსისტი, სამშენებლო სექტორში რამდენიმეწლიანი გამოცდილების მქონე ირაკლი ურუშაძე ჩაუდგა. ახალი CEO მიზნად GRAVITA-ს ნომერ პირველ სამშენებლო კომპანიად ჩამოყალიბებას ისახავს. ამ კუთხით მან გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა და კომპანიის განვითარება შიდა პროცესების გამარტივებით დაიწყო. GRAVITA-ს გენერალურმა დირექტორმა კომპანიის ამბიციურ გეგმებზე Forbes Infrastructure-თან ისაუბრა.

ირაკ­ლი, თქვენ და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი წელი­ა, რაც Gravita-ში გა­დახ­ვე­დით. სამ­შე­ნებლო სექ­ტორ­ში მა­ნამ­დეც გი­მუ­შა­ვი­ათ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ. რა ნაბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა და­იწყეთ Gravita-ში, რაც, თქვე­ნი აზ­რით, კომ­პა­ნი­ის მუ­შა­ო­ბას უფ­რო ეფექ­ტი­ანს გახ­დის?

სამშენებლო ბაზარს კარგად ვიცნობ, ვხედავ, რა აკლიათ მათ და ვცდილობ, რომ სწორედ ამ ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმოქმედო, რათა Gravita გაიზარდოს და განვითარდეს. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, ვმუშაობ მართვის ისეთი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, რაც საბოლოო ჯამში პროცესებს ამარტივებს და ეფექტიანს ხდის. დავიწყოთ იმით, რომ თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, დროულად და ხარისხიანად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა, მაგალითად, დროულად დაასრულონ პროექტი, რომელიც მათ აბარიათ. ასევე მნიშვნელოვანია ხარისხის უზრუნველყოფა. ის კომპანიები, სადაც ხარისხსა და შრომის უსაფრთხოებაზე თვალი დახუჭულია, ვერც გამართულად იმუშავებენ და ვერც წარმატებული იქნებიან. აქედან გამომდინარე, ეს ორი საკითხი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოსვლისთანავე Gravita-ში ხარისხის შემოწმების სამსახური შევქმენი.

გარდა ამისა, მომიწია რთული გადაწყვეტილებების მიღებაც. რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლების უდიდესი რაოდენობა შევცვალე, რომ არსებულ პოზიციებზე დაკისრებული მოვალეობა უფრო ეფექტიანად შესრულებულიყო. ამჟამად კომპანიაში 60-მდე ადამიანი მუშაობს.

შევცვალეთ გარემოც. უკვე გვაქვს ახალი ოფისი, რომელიც ღია სივრცის პრინციპით შეიქმნა. ამან ჩაანაცვლა კაბინეტური სისტემა, რაც კიდევ უფრო მოქნილს გახდის სამუშაო პროცესს და თანამშრომლების პროდუქტიულობასაც გაზრდის.

თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, რა აკ­ლია სამ­შე­ნებლო კომ­პა­ნი­ებს დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?

დიგიტალიზაცია. გაციფრულებული პროცესები ორგანიზაციის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის. ამ მიმართულებითაც გადავდგი Gravita-ში გარკვეული ნაბიჯები. რეორგანიზაციის პარალელურად, რამდენიმე პროგრამული უზრუნველყოფა, ე.წ. სოფტები დავნერგე, რაც საბოლოო ჯამში თანამშრომლებს შორის კომუნიკაციას აიოლებს და ზოგავს მათ დროს. მაგალითად, Plan reader-ი თანამშრომელს უზოგავს კვირაში შვიდ საათს, რაც ჩვენთვის ძალიან ღირე­ბულია. დავნერგეთ Task Management Tool Click up-ი და კომუნიკაციების სოფტი Slack-ი. გარდა ამისა, ციფრული პროდუქტების დახმარებით გენერირდება ანგარიშები, შედეგად მომხმარებელი უფრო მარტივად ხედავს იმ პროცესებს, რაც მას აინტერესებს კომპანიასთან დაკავშირებით.

რა ეტაპ­ზე ხართ ამ კუთხით?

მიმდინარე წელს დაგეგმილი გვაქვს, რომ სამშენებლო პროცესებში ხელოვნური ინტელექტის ელემენტებიც გავაჩინოთ. ამ კუთხით ვთანამშრომლობთ ისრაელის სტარტაპ Buildots-თან. ის დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც გვაძლევს ნახაზების მიხედვით პროცესის მარტივად შემოწმების საშუალებას, რათა ვნახოთ, რამდენად სწორად მიმდინარეობს მშენებლობა. აღნიშნული ხელოვნური ინტელექტი ისეთი დეტალების იდენტიფიცირებას ახდენს, რაც თვალით შეუმჩნეველია. ასევე ანალიზს აკეთებს იმის შესახებ, თუ რამდენად არის შესრულებული სამუშაოები გრაფიკთან შესაბამისობაში. ანუ უზრუნველყოფს სამშენებლო პროცესების ავტომატურ შეფასებას. ამ ყველაფერში ჩვენ ინვესტიციებს ვდებთ, რათა პროცესები გავამარტივოთ და საბოლოო ჯამში სამშენებლო ბაზარზე ტოპ-კომპანია გავხდეთ.

მოგ­ვი­ყე­ვით Gravita-ს მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებზეც. რა მას­შ­ტა­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი და რო­გო­რი სტან­დარ­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მშე­ნებ­ლო­ბა?

ამ ეტაპზე Gravita-ს გუნდი Porshe-ს ახალი ცენტრის მშენებლობასა და შოურუმის რეკონსტრუქციას ახორციელებს. ასევე ვაკეში ვაშენებთ Tegeta-ს ახალ სივრცეს, პარალელურად გვაქვს სამი სახელმწიფო პროექტი, რომელთა ფარგლებშიც ორი ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლის მშენებლობასა და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის რეკონსტრუქციას ვახდენთ.

რაც შეეხება Porshe-ს ცენტრს, გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ბრენდია და საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვს, ეს მიდგომა მშენებლობის ხარისხის მიმართაც გამოიხატება. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საერთაშორისო წარმომადგენლობასთან და კარგად ვიცით ბრენდის გაიდლაინები. Gravita სწორედ ამ გაიდლაინების დაცვით, designbuild-ის პრინციპით ახორციელებს მშენებლობას. ევროპული სტანდარტების შესაბამისია ცენტრის არქიტექტურა და გამოყენებული მასალები. ობიექტის მშენებლობის პროცესი მაქსიმალურად დიგიტალიზებულია, ვიყენებთ თანამედროვე მართვის სისტემებს, რომლებიც მშენებლობის პროცესს ამარტივებს, უფრო ეფექტიანს ხდის და რისკებს მაქსიმალურად ამცირებს.

გარდა ამისა, დაახლოებით 2,000 კვ/მ ფართობზე ვაშენებთ Tegeta-ს კიდევ ერთ სერვისცენტრს, რომლის ძირითადი ნაწილი ავტომობილების მომსახურებას ეთმობა. თუმცა შენობა სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებს მოიცავს, მათ შორის საოფისე ფართებს, მომხმარებლისთვის განკუთვნილ სივრცეებს და ა.შ.

შენობის პროექტირებისას, ძირითადი კონცეფცია მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა იყო. რაც შეეხება უშუალოდ მშენებლობის ნაწილს – აქაც უნდა აღინიშნოს ის მაღალი სტანდარტი, რომელიც „თეგეტას“ აქვს, ჩვენი თანამედროვე მიდგომა და დანერგილი სიახლეები საშუალებას გვაძლევს, საუკეთესოდ შევასრულოთ მოცემული დავალება მინიმალური ძალისხმევითა და დროით.

რით უწევთ სხვა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებს კონ­კუ­რენ­ცი­ას?

ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა არის გამოცდილება. Gravita-ს გამოცდილება კომბინირებულ მშენებლობებში მონაწილეობას მოიცავს. ეს გულისხმობს როგორც რკინაბეტონის, ასევე ლითონის კონსტრუქციების მიმართულებით გამოცდილებას, რაც არცთუ ისე ხშირია საქართველოში. მეორე უპირატესობა არის გუნდი, რომელიც უკვე შეიკრა და რომელშიც დიდი ინვესტიცია ჩავდეთ. დაბოლოს: სამშენებლო კომპანიებს ხშირად აქვთ ფინანსური პრობლემები. ჩვენ ძლიერი კომპანია ვართ, რომელსაც მარტივად შეუძლია ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერის მოპოვება, რაც დამკვეთს გარანტიას აძლევს.

რა არის თქვე­ნი, რო­გორც გენ­დი­რექ­ტო­რის, მი­ზა­ნი მომ­დევ­ნო 3-5 წე­ლი­წად­ში?

ჩემი მიზანია, რომ 2023 წელს Gravita-ს ბრუნვამ 30 მლნ ლარს მიაღწიოს. ახალი პროექტები ამაში დაგვეხმარება. ჩვენს პორტფელში ლოკალურის გარდა საერთაშორისო პროექტებიცაა, როგორიცაა Premium Machinery Armenia ცენტრი სომხეთში. ჩვენ საზღვრებს მიღმაც ვგეგმავთ გაფართოებას. ამ მიზნის მისაღწევად Gravita-ს გუნდი ძალიან ბევრს შრომობს. ხუთ წელიწადში კი ჩვენ ნომერ პირველი სამშენებლო კომპანია უნდა ვიყოთ საქართველოში.