iDialogue - საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს

iDialogue - საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს

iDialogue ოლესია ალექსანდროვასა და ნატალია ბუთის მიერ შექმნილი სტარტაპია, რომელიც მოსწავლეებს სხვადასხვა საგნის შესწავლაში ეხმარება მსოფლიო მასშტაბით. საამისოდ კი სტარტაპი ინოვაციურ და ეფექტიან მეთოდებს იყენებს.

iDialogue 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა. საინტერესოა, როგორ შეიქმნა სტარტაპი და რა გზა განვლო მან დაფუძნებიდან დღემდე. ამ თემებზე ნატალია ბუთი გაგვესაუბრა:

 გვიამბეთ, როგორ გაჩნდა iDialogue- შექმნის იდეა?

ათ წელზე მეტი ვცხოვრობდი და ვმუშაობდი მსოფლიოს 7 სხვადასხვა ქვეყანაში. სწორედ მაშინ, როცა ამ ქვეყნების ადგილობრივ სკოლებში ვმოხალისეობდი, ერთი დიდი პრობლემა შევამჩნიე დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემაში. მილიარდობით სტუდენტი მთელ მსოფლიოში სწავლობს ინგლისურს, როგორც მეორე ენას. მაგრამ ამ პროცესში მთავარი დეტალი მუდმივად იკარგება. თუ თქვენ ცდილობთ, სრულყოფილად ისწავლოთ უცხო ენა, ამისათვის საჭიროა, მაქსიმალური შეხება გქონდეთ ამ ენასთან. სტუდენტების უმრავლესობას კი უბრალოდ არ აქვს წვდომა სწავლების ამგვარ მეთოდებზე. უფრო მეტიც, მოხალისეობის პერიოდში დავაკვირდი, რომ გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული უცხო ენის სწავლება, რაც, საბოლოო ჯამში, ზღუდავს მათ ინტერაქციას და პერსპექტივებს. ეს კი მაშინ, როცა ჩვენს სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში სტუდენტების წარმატება ცხოვრებაში პირდაპირ განისაზღვრება მათი უნარით ითანამშრომლონ, ისწავლონ და იმუშაონ სხვა, თუნდაც უცხო ქვეყნის მაცხოვრებლებთან. ენის ათვისებას საშუალოდ 3000 საათი სჭირდება. მაშ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს საათები ენობრივი პრაქტიკის მიღებისთვის, რომელიც გეოგრაფიულ და სოციალურ საზღვრებს შორის ცოცხალი კომუნიკაციით მიიღება?

მოგვიყევით iDialogue- დამფუძნებლების შესახებრა გამოცდილება გაქვთ სფეროში, რომელშიც თქვენი სტარტაპი ოპერირებს?

ჩვენ ვართ დამფუძნებლები, რომლებიც გადავიდნენ ჩვეულებრივი ბიზნესიდან EdTech-ზე. ოლესია ალექსანდროვა (CEO) და მე, ნატალია ბუთი (აღმასრულებელი დირექტორი) სკოლიდან ვმეგობრობთ. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვართ საქმიანი პარტნიორები ბოლო 10 წლის განმავლობაში.  ჩვენ ერთად დავაფუძნეთ და გავმართეთ Kolibri Media – ციფრული სააგენტო, რომელმაც შექმნა მრავალი ბრენდის იდენტობა, ვიზუალური შინაარსი, ვებსაიტები და აპლიკაციები საერთაშორისო კომპანიებისთვის, როგორებიცაა: Volkswagen და Nestle. საბოლოოდ, განათლებისადმი ჩვენმა საერთო მისწრაფებებმა გაგვაყიდინა სააგენტო, რათა ფოკუსი iDialogue-ის განვითარებისკენ მიგვემართა. ჩვენ აღარ გვინდოდა, ჩვენში ჩაგვეკლა ეს ინტერესი – გვსურდა, მსოფლიოზე რეალური გავლენა მოგვეხდინა.

რა განსაკუთრებულ გადაწყვეტას სთავაზობს სტარტაპი მოსწავლეებს?

ჩვენ შევქმენით პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან, რათა ისწავლონ ერთად და ერთმანეთისგან. ჩვენ სასწავლო პროცესში პრიორიტეტს ვანიჭებთ მრავალფეროვნებას და თანამშრომლობას. ჩვენი იმერსიული სასწავლო პლატფორმა გთავაზობთ ცოცხალ სწავლებას, უსაფრთხო სოციალურ ქსელებთან ერთად, თანატოლებთან თანამშრომლობას მთელი მსოფლიოდან, ვირტუალურ საველე ვიზიტებსა და სემინარებს, რაც სასწავლო პროცესს სახალისოს და ეფექტიანს ხდის. გარდა პერსონალიზებული სწავლის გამოცდილების მიწოდებისა, ჩვენ ვაძლევთ მოსწავლეებს შესაძლებლობას, შეისწავლონ სხვა კულტურები, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, რწმენები, საზოგადოებები, ენები.. ყველა ეს უნარი მნიშვნელოვანია სტუდენტების აკადემიური, სოციალური და, საბოლოოდ, პროფესიული ცხოვრებისთვის.

როდის და როგორ დაიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა?

2013 წელს ჩვენ შევქმენით სოციალური ინიციატივა, სახელწოდებით Ubuntu mail. ერთმანეთთან დავაკავშირეთ სხვადასხვა წარმომავლობის სტუდენტები სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული წერილების გაცვლის გზით, რომელიც შექმნილია დამატებითი ენის პრაქტიკის უზრუნველსაყოფად. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ნამუშევრებსა და წერილებს. ორი წლის განმავლობაში გავაერთიანეთ 80,000-ზე მეტი სტუდენტი 60 ქვეყნიდან. ამ ყველაფერმა კი განაპირობა ის, რომ სტუდენტები 23%-ით უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი სწავლების პროცესში, 20%-ით გაიზარდა მათი ემპათიის უნარი და 15%-ით გაიზარდა შეგრძნება, რომ მათ ბევრი რამ აქვთ საერთო სხვა ქვეყნების ბავშვებთან. ამ შედეგმა ძალიან გაგვახარა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაფართოების ეტაპი დადგა.

რა არის ის სირთულეები, რომლებსაც iDialogue- შენების პროცესში გადააწყდით?

სწრაფად მზარდი კომპანიის მართვა პანდემიებისა და ომების შუაგულში – მოდით ვთქვათ, რომ რთულია. შესაძლებლობებზე დაკვირვება, საკმარისი დროის გატარება ოპერაციულ მხარეზე, გუნდის გაზრდა და რესურსების მოზიდვა… ეს ყველაფერი სწრაფი ბაზრის ზეწოლის ქვეშ ძალიან დიდი გამოწვევაა. ყოველ საღამოს სტრესით იძინებ და ისეთი გრძნობით იღვიძებ, თითქოს უკვე საათობით ხარ ჩამორჩენილი პროცესებს. მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენ მივხვდით, რომ სამუშაოების უმეტესობაში, გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებთ, არ არის სამკვდრო-სასიცოცხლო. იგივე ეხება შეცდომებს – ძალიან ცოტაა ერთი დღე საიმისოდ, რომ ბიზნესის გამანადგურებელი შეცდომები დაუშვა.  ჩვენ ვისწავლეთ, თუ როგორ ვიყოთ გრძელვადიან პერსპექტივაზე კონცენტრირებულები და დროდადრო თავს კომფორტულადაც კი ვგრძნობთ შეცდომებისა და ცუდი დღეების გარემოცვაში.

500 Georgia- გარდა, გიცდიათ ბედი სხვა აქსელერატორში?

დიახ, ჩვენ გავიარეთ MassChallenge Boston აქსელერაციის პროგრამა და Expert Dojo Accelerator ლოს-ანჯელესში.

რატომ 500 Georgia? გვინდოდა, გავმხდარიყავით 500-ის ოჯახის წევრი მას შემდეგ, რაც მათ შესახებ პირველად გავიგეთ. ვიცნობდით გუნდებს 500 Georgia-ს წინა პროგრამებიდან და მათმა წარმატებებმა შთაგვაგონა, რომ წელს ბედი ჩვენც გვეცადა.

რას ელით ამ პროგრამისგან?

არსებობს ორი ძირითადი ფაქტორი, რამაც პროგრამამდე მოგვიყვანა. პირველ რიგში, ეს არის მენტორები. ჩვენ ვართ ზრდის ეტაპზე, როცა ნამდვილად გვჭირდება გარე პერსპექტივა და მჯერა, რომ მენტორებთან მუშაობა შესანიშნავი საშუალებაა როგორც პიროვნული, ასევე – გუნდური განვითარებისთვის.

მეორეც, ეს არის თანამემამულე დამფუძნებლები და ერთად მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენი მთელი პროდუქტი აგებულია თანამშრომლობის, ჩართულობისა და მონაწილეობის ფილოსოფიის გარშემო.

დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამ კითხვის სულ მეშინია ხოლმე. ჩვენ ვცხოვრობთ არაჩვეულებრივ ეპოქაში, როცა პროგნოზირება სულ უფრო რთული ხდება. მაგრამ ვიცი, რომ მზად ვართ იმისთვის, რასაც ცხოვრება მოგვიტანს მომავალში. გვსურს, გავაგრძელოთ მუშაობა და გამოვიყენოთ ტექნოლოგია, რომელიც ქმნის ციფრულ საგანმანათლებლო გარემოს. გვაქვს ყველა კითხვაზე პასუხი? რა თქმა უნდა, არა. ვართ თუ არა საკმარისად გამძლეები, რომ გადავლახოთ დაბრკოლებები და მივაღწიოთ ექსპონენციურ ზრდას? აუცილებლად.

თომას ფრეიმ ერთხელ თქვა: მე ვიწინასწარმეტყველებდი, რომ 2030 წლისთვის ყველაზე დიდი კომპანია ინტერნეტში იქნება განათლებაზე დაფუძნებული კომპანია, რომლის შესახებაც ჯერ არ გვსმენია“ და მიწოდეთ გიჟი, მიწოდეთ ამბიციური, მაგრამ მე მჯერა, რომ, შეიძლება, ეს კომპანია ჩვენ ვიყოთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *