იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ გასულ წელს რეკორდულ ნიშნულს, 71.1 მილიონს მიაღწია. უპრეცედენტო ზრდა გლობალურ გეოპოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის უკრაინის ომსა და გახშირებულ კლიმატურ კატასტროფებს უკავშირდება.

ჟენევაში დაფუძნებული „იძულებით გადაადგილებული პირების მონიტორინგის ცენტრის“ (IDMC) მონაცემებით, 2021 წლის შემდეგ იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც უსაფრთხოებისა და თავშესაფრის ძებნის მიზნით საკუთარი საცხოვრებლები დატოვეს, 20%-ით გაიზარდა. IDMC-ის ანგარიშით, იძულებით გადაადგილებული პირების დაახლოებით სამი მეოთხედი ათ ქვეყანაზე მოდის, მათ შორისაა სირია, ავღანეთი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, უკრაინა და სუდანი.

„იძულებით გადაადგილებული პირების მონიტორინგის ცენტრის“ (IDMC) მონაცემებით, გასულ წელს, უკრაინის ომის გავლენით, თითქმის 17 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდა. საერთო ჯამში, კონფლიქტისა და ძალადობის შედეგად, შიდა გადაადგილების მაჩვენებელმა გლობალურად 28.3 მილიონს მიაღწია, რაც სამჯერ აღემატება გასული ათწლეულის წლიურ საშუალო მონაცემს. თუმცა, გასულ წელს, გადაადგილების მთავარ მიზეზად კლიმატური კატასტროფები დასახელდა, რომელთა გავლენითაც საცხოვრებელი ადგილის დატოვება 32.6 მილიონ ადამიანს მოუწია.

„იძულებით გადაადგილებულ პირთა უპრეცედენტო ზრდა კონფლიქტებისა და კატასტროფების შედეგია. უკრაინის ომმა გლობალური სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი წარმოქმნა, რომლის შედეგადაც ყველაზე მეტად იძულებით გადაადგილებული პირები დაზარალდნენ. კრიზისმა წლების განმავლობაში გლობალური შიმშილის შემცირებისკენ მიმართული პროგრესიც საგრძნობლად დააზარალა“, – განაცხადა ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა და IDMC-ის დამფუძნებელმა იან ეგელანდმა.