ფოტო: Kevin Mazur/TAS24/Getty Images
ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის (IFPI) მიერ მილიარდერი პოპვარსკვლავი ტეილორ სვიფტი 2025 წლის ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად დასახელდა. სტრიმინგისა და გაყიდვების მაჩვენებლებით, სვიფტი ზედიზედ მეოთხე წელია (2022–2025), რაც IFPI-ს გლობალურ რეიტინგს ლიდერობს, სიის სათავეში კი, საერთო ჯამში, ექვსჯერ მოექცა (მათ შორის 2014-სა და 2019 წლებში).
მიმდინარე წელს რეიტინგში სვიფტის ლიდერობას ოქტომბერში პოპვარსკვლავის ახალი ალბომის, The Life of a Showgirl-ის, რეკორდულმა გაყიდვებმა შეუწყო ხელი. მხოლოდ პირველ კვირაში ალბომი 3.5 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა, საერთო ჯამში კი, სტრიმინგის ჩათვლით, გაყიდვებმა 4 მილიონს მიაღწია. ალბომის მთავარი სიმღერა The Fate of Ophelia დაახლოებით 10 კვირის განმავლობაში Billboard Hot 100-ის სათავეში იყო, რაც სვიფტისთვის ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
სვიფტის შემდეგ IFPI-ს რეიტინგში მეორე ადგილზე K-pop-ჯგუფი Stray Kids-ია, მესამე პოზიციას დრეიკი იკავებს, ხუთეულს კი The Weeknd-ი და Bad Bunny ასრულებენ. ათეულში ასევე ვხვდებით კენდრიკ ლამარს, მორგან უოლენს, საბრინა კარპენტერს, ბილი აილიშსა და ლეიდი გაგას.
Forbes-ის შეფასებით, სვიფტის ქონება $1.6 მილიარდს შეადგენს, რაც მას ყველაზე მდიდარ მუსიკოს ქალად და პირველ იმ ადამიანად აქცევს, რომელმაც მილიარდერის სტატუსი მხოლოდ მუსიკალური კატალოგისა და საკონცერტო ტურნეების წყალობით მოიპოვა. სვიფტი Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში პირველად 2023 წლის ოქტომბერში მოხვდა, რაც დიდწილად Eras Tour-ის რეკორდული შემოსავლების დამსახურება იყო. Eras Tour-ი ისტორიაში პირველი ტურნე გახდა, რომლის შემოსავალმაც $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა.
















