საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის მეორე კვარტალში გამყვანი ტურიზმის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს საზღვარი რეზიდენტმა მოგზაურებმა 697,800-ჯერ გადაკვეთეს. გასვლის უდიდესი ნაწილი (46.6%) 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
საზღვრის კვეთის ამ რაოდენობიდან 562,100 რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებია. მაჩვენებელი 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3.4%-ით არის გაზრდილი.
ცნობისათვის, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, მოგზაური არის ნებისმიერი პირი, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნობრიობით გადაადგილდება. ვიზიტორი კი 15 ან უფრო ასაკის რეზიდენტი მოგზაურია, რომელმაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ვიზიტი 1 წელზე ნაკლები დროით განახორციელა და მისი მიზნობრიობა დასაქმება ან დიპლომატიურ/საკონსულო მისიებში მონაწილეობის მიღება არ ყოფილა.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, საზღვარგარეთ განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების რაოდენობამ 360.2 ათასი შეადგინა, რაც 8.6%-ით აღემატება 2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ტურისტულ ვიზიტში იგულისხმება ვიზიტი, რომლის დროსაც მოგზაურმა ღამე ვიზიტის ადგილზე გაათენა. ექსკურსიული ვიზიტი კი იმ სახის ვიზიტს გულისხმობს, რომლის დროსაც ვიზიტორმა ღამე ვიზიტის ადგილზე არ გაათენა. 2024 წლის მეორე კვარტალში საზღვარგარეთ განხორციელებულმა ექსკურსიული ვიზიტების რაოდენობამ 201.9 ათასი შეადგინა.
მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტების მიზნობრიობის ყველაზე დიდი წილი (34%) მეგობრის/ნათესავის მონახულებაზე მოდის. მეორე ადგილზე საყიდლების შეძენის მიზნობრიობით განხორციელებული ვიზიტებია (32.9%). დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელებული ვიზიტების წილი კი მხოლოდ 17.4%-ია. ვიზიტების 10.8% პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობის მიზნობრიობით განხორციელდა.
მეორე კვარტალში ვიზიტორთათვის ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილი თურქეთი იყო. ვიზიტების 39% სწორედ ამ ქვეყანაში შედგა. მეორე ყველაზე პოპულარული ადგილი კი რუსეთის ფედერაციაა, რომელზეც საქართველოდან განხორციელებული ვიზიტების 18% მოდის.