Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის კვარტალურმა შემოსავალმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა და 84.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
შემოსავალი გაიზარდა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის 81-მილიარდიან მაჩვენებელთან შედარებითაც.
Alphabet-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, სუნდარ პიჩაის თანახმად, ეს შედეგები სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების პოზიტიური უკუგების მანიშნებელია.
2019-2024 წლებში Alphabet-ის შემოსავლის წლიური ზრდის ტემპი კვარტლების მიხედვით ამგვარია:
შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს Search და Cloud-სერვისებში ინვესტირება. კომპანიის CEO ამბობს, რომ Cloud-სერვისებში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ „მილიარდობით შემოსავალი მოიტანა და მას უკვე ორ მილიარდზე მეტი დეველოპერი იყენებს.“
მიმდინარე წლის აპრილში ორტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მიღწევის შემდეგ, Google-მა თავისი ხელოვნური ინტელექტის, Gemini-ის გამოყენება უფრო აქტიურად დაიწყო, მათ შორის იყო სურათების გენერაციის ხელსაწყო და სტატიების, ტექსტების შემაჯამებელი AI Overviews, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ბრძანებებს არაადეკვატურად ასრულებდა, რამაც ინვესტორებს გარკვეული შიშები გაუჩინა კომპანიის საქმიანობის მიმართ.
მიუხედავად ამისა, Google-მა ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციები გაზარდა და როგორც პიჩაი ამბობს, პარალელურად გაიზარდა მომხმარებლების კმაყოფილების დონეც.
გარდა Search და Cloud-სეგმენტებისა, იზრდება სხვა განყოფილებების შემოსავალიც. მაგალითისთვის, Google-ის რეკლამებით მიღებულმა შემოსავალმა მეორე კვარტალში 64.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მაჩვენებელი 58.1 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში გავრცელდა ინფორმაცია Alphabet-სა და კიბერუსაფრთხოების კომპანია Wiz-ს შორის ჩაშლილი გარიგების შესახებაც. Alphabet-ს Wiz-ის შეძენა 23 მილიარდ დოლარად სურდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. განხორციელების შემთხვევაში, ეს კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი შენაძენი იქნებოდა.