სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 580.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს 2024 წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 12%-ით ნაკლებია.
ამავდროულად, სააქციო კაპიტალმა 123.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.3%-ია. რაც შეეხება რეინვესტიციას, აღნიშნული მაჩვენებელი 466.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. მისი წილი მთლიან ინვესტიციებში 80.4%-ს შეადგენს.
II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა – 242.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.8%-ია. ამავე კუთხით, მეორე ადგილს მეზობელი თურქეთი იკავებს – 54.0 მლნ. აშშ დოლარით (9.3%), ხოლო მესამე პოზიციაზე ჩეხეთის რესპუბლიკაა – 38.3 მლნ. აშშ დოლარით (6.6%). მათი ჯამური წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 57.7%-ს უტოლდება.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა – 327.2 მლნ. აშშ დოლარი. ეს მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია – 66.4 მლნ. აშშ დოლარით (11.4%), ხოლო მესამეზე ენერგეტიკის სექტორი – 54.4 მლნ. აშშ დოლარით (9.4%). ამ სექტორების ჯამური წილი 77.2%-ს უტოლდება.