Galt & Taggart-მა ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში წლიურად 7%-ით გაიზარდა და 1.6 მილიონი მოგზაური შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მონაცემში ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობაა გათვალისწინებული.
საინვესტიციო ბანკის მონაცემებით, მათ შორის ტურისტული ვიზიტები წლიურ ჭრილში 10.7%-ით გაიზარდა (80.1% მთლიან ვიზიტებში), ამის საპირისპიროდ კი, ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 5.4%-ით შემცირდა.
როგორც Galt & Taggart-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა წლიურ ჭრილში 16%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი ზრდა კი აზერბაიჯანიდან დაფიქსირდა, 46.7%-იანი – მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანიდან სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილია.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორები გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 20.5%-ით გაიზარდა, სომხეთიდან – 7.2%-ით, ინდოეთიდან კი – 33.5%-ით.
საინვესტიციო ბანკის ანგარიშის თანახმად, ვიზიტორთა შემცირება აღინიშნა თურქეთიდან (-16.5% წ/წ) და ირანიდან (-8.2% წ/წ). მისივე განმარტებით, ყველაზე მაღალი უარყოფითი წვლილით მოცემულ პერიოდში სწორედ ეს ქვეყნები გამოირჩეოდა.
ცნობისთვის, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით შემოვიდა – მათი წილი 56.9%-ს უტოლდება. შემდეგ კი მოდის საჰაერო გზით შემოსვლა, რომლის წილიც 42.5%-ს შეადგენს.
იხილეთ ასევე: 2025 წლის I ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $2 მილიარდს გაუტოლდა