სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის II კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საერთო ჯამში ქვეყნის რეზიდენტი* მოგზაურების 715.1 ათასი გასვლა დაფიქსირდა. ეს 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 2.5%-ით მეტია. საქსტატის ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.1%, 31-50 წლის მოგზაურებზე მოდის.
ამავდროულად, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების** მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 564.3 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.4%-ით აღემატება.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ 385.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა. ეს წლიურ ჭრილში 7.1%-იანი ზრდაა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვარტალში საქართველოდან ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა – შესაბამისად, 201.3 ათასი და 106.3 ათასი ვიზიტი.
*ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.
**ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით წასულები, საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).