II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 5.7%-ით შემცირდა

II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 5.7%-ით შემცირდა

ფოტო: Shutterstock

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7%-ით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებიდან 1.0 მილიონი მგზავრი გაემგზავრა, რაც წლიურად 7.0%-იანი კლებაა, ხოლო აეროპორტებმა 1.0 მილიონი მგზავრი მიიღო – 4.4%-ით ნაკლები, ვიდრე 2025 წლის II კვარტალში.

აღსანიშნავია, რომ მგზავრთა ნაკადის 94.5% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

2026 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს აეროპორტებიდან 8.2 ათასი სამგზავრო რეისი განხორციელდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7%-ით ნაკლებია.

ამასთან, საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 11.3 ათასი ტონა შეადგინა. მათგან 90.8% მიღებულ ტვირთსა და ფოსტაზე მოდიოდა, ხოლო 9.2% – გაგზავნილზე.

საანგარიშო პერიოდში აეროპორტებში 1.1 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 21.1%-ით მეტია.

რაც შეეხება საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანებს, 2026 წლის II კვარტალში ქვეყანაში საჰაერო ტრანსპორტით 141.1 ათასი მგზავრი გადაიყვანეს, რაც წლიურად 18.3%-ით ნაკლებია.

ამავე პერიოდში საჰაერო ტრანსპორტით 35.9 ათასი ტონა ტვირთი გადაიტანეს. აღნიშნული მაჩვენებელი 2025 წლის II კვარტალთან შედარებით 6.0%-ით შემცირდა.