II კვარტალში საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვა 15.2%-ით გაიზარდა

II კვარტალში საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვა 15.2%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში საწარმოთა საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ქვეყანაში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 15.2%-ით გაიზარდა და 48 მილიარდ ლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის II კვარტალში ასევე გაიზარდა პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც და მისი მოცულობა 18.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 10.8% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, გასულ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 63.8% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.2% – საშუალოზე, ხოლო 21% – მცირე ბიზნესზე. რაც შეეხება პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში 45.2% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 23% – საშუალოზე, ხოლო 31.8% – მცირე ბიზნესზე.

ბიზნესსექტორის ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლები საწარმოთა ზომების მიხედვით, 2023 წლის II კვარტალი

წყარო: საქსტატი

2023 წლის II კვარტალში საწარმოთა მიერ საქონლისა და მომსახურების გაყიდვების მთლიანმა მოცულობამ 26.2 მილიარდი ლარი შეადგინა, გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა კი – 16.4 მილიარდი ლარი.

რაც შეეხება გასულ კვარტალში ქართულ ბიზნესსექტორში დასაქმებულებს, საშუალო რაოდენობა 737.7 ათასით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 6.1%-ით აღემატება. აქვე, საინტერესოა, რომ დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.9% ქალია, ხოლო 57.1% – კაცი. დასაქმებულთა 43.3% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.8% – საშუალოზე, ხოლო 35.9% – მცირე ბიზნესზე. ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 914.7 ლარს გაუტოლდა, მათ შორის ქალების ხელფასმა 1 482.4 ლარი შეადგინა.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი გასულ კვარტალში შემდეგნაირი იყო: მსხვილი ბიზნესი – 2 032.6 ლარი; საშუალო ბიზნესი – 2 182.6 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 570.3 ლარი.