სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში უმუშევრობის დონე წლიურად 3.1%-ით, I კვარტალთან შედარებით კი 0.3%-ით შემცირდა და 13.7% შეადგინა.
ანგარიშის თანახმად, ამავე პერიოდში დაქირავებულთა რიცხოვნობა წლიურად 19.1 ათასი კაცით (2.1%) გაიზარდა და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა, უმუშევართა რაოდენობა კი 47.2 ათასით (17.7%) შემცირდა და 219.7 ათასი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წლიურად 1.3%-ით გაიზარდა და 54.5%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.8%-ით გაიზარდა და 47.0% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.6%-ით შემცირდა და 67.5% შეადგინა.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. II კვარტალში მაჩვენებელი 3.6%-ით შემცირდა ქალებში, ხოლო კაცებში – 2.6%-ით და, შესაბამისად, 10.9% და 15.9% შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, დასაქმების დონე ქალებში – 2.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 2.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.