III კვარტალის ფინანსური შედეგების გავლენით Oracle-ის აქციების ფასი 8%-ით გაიზარდა

III კვარტალის ფინანსური შედეგების გავლენით Oracle-ის აქციების ფასი 8%-ით გაიზარდა

ფოტო: Getty Images

 

FactSet-ის მონაცემებით, ამერიკულმა პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა, Oracle-მა, მესამე კვარტალში $17.2 მილიარდის შემოსავალი და აქციაზე $1.79-ის მოგება მიიღო, რითაც გადააჭარბა ეკონომისტების წინასწარ შეფასებებს, რომლებიც, შესაბამისად, $16.9 მილიარდის შემოსავალსა და აქციაზე $1.70-ის მოგებას ვარაუდობდნენ.

მესამე კვარტალის მაღალი ფინანსური შედეგების გავლენით, Oracle-ის აქციების ღირებულება სამშაბათს, გახანგრძლივებული სავაჭრო სესიის პერიოდში, 8%-ზე მეტით გაიზარდა და $162.42-ს მიაღწია.

FactSet-ის განახლებული მონაცემებითვე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 21%-ითაა გაზრდილი Oracle-ის მესამე კვარტალის მოგებაც. კომპანიის ფინანსურ შედეგებზე დადებითად აისახა Cloud-მიმართულების კვარტალური შემოსავლები, რომლებიც წლიურ ჭრილში 44%-ით, $8.9 მილიარდამდე გაიზარდა.

ამერიკულმა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ მოგების ანგარიშში გაზრდილი პროგნოზებიც წარადგინა და განაცხადა, რომ მეოთხე კვარტალში შემოსავლების 19%-დან 21%-მდე, ხოლო Cloud-სერვისების შემოსავლების 46%-დან 50%-მდე ზრდას ვარაუდობს.

ცნობისთვის, Oracle-ის აქციების ფასი 10 სექტემბერს ყველა დროის მაქსიმუმის ($345.72) დაფიქსირების შემდეგ თითქმის 56%-ით დაეცა, რაც S&P 500-ის ყველა აქციას შორის ამ პერიოდში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. გასული წლის ამ რეკორდული მაჩვენებლის გავლენით, Oracle-ის დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ლარი ელისონის, ქონება ერთ დღეში $110 მილიარდზე მეტით გაიზარდა. ამჟამად ამერიკული Forbes-ი ელისონის ქონებას $192.8 მილიარდად აფასებს, რაც მას მსოფლიოში მე-6 უმდიდრეს ადამიანად აქცევს.