სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საზღვაო ნავსადგურებისა და ტერმინალების ძირითადი მაჩვენებლების ანგარიში გამოაქვეყნა.
2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 419 გემი შემოვიდა – მათგან 32.9% ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი. ამავე პერიოდში შემოსული გემებიდან 28.9% კონტეინერმზიდი იყო, 28.4% – თხევადი ტვირთმზიდი, ხოლო 9.8%-იც ნაყარი ტვირთმზიდი, სამგზავრო, სპეციალიზებული გემი ან/და საბუქსირე გემი.
საქსტატის ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 70.4%-ით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო. მეორე მხრივ, ამავე პერიოდში შემცირებულია ყველა სხვა ტიპის გემის შემოსვლის მაჩვენებლები – მათ შორის, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტი 23.8%-ით იკლო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ზოგადი სახის ტვირთმზიდის მიღების შემთხვევებმა.
საქსტატის ინფორმაციითვე, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 5.9 ათას მგზავრს მოემსახურა – 3.1-ჯერ მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მგზავრთა ნაკადში შემოსული (49.2%) და გასული (50.8%) მგზავრების წილი თითქმის თანაბარია.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემებიდან ყველაზე მეტი, 16.5% – თურქეთის, 16% – ლიბერიის, 15% – პანამის, 7.6% კი მალტის დროშის ქვეშ დაცურავდა.
რაც შეეხება ამავე პერიოდში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთის მოცულობას, აღნიშნული მონაცემი 0.5%-ით შემცირდა და 3548.2 ტონას გაუტოლდა, საიდანაც 43.6% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია.