III კვარტალში Tesla-ს მოგება 37%-ით შემცირდა - კომპანიის აქციების ფასი დაეცა

III კვარტალში Tesla-ს მოგება 37%-ით შემცირდა - კომპანიის აქციების ფასი დაეცა

დღეს, 23 ოქტომბერს, Tesla-ს აქციების ღირებულება ბირჟის გახსნისთანავე 5%-ით დაეცა, მას შემდეგ რაც ილონ მასკის კომპანიამ მესამე კვარტალში მოგების შემცირებაზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ფედერალური საგადასახადო კრედიტის ვადის ამოწურვის შემდეგ, Tesla-მ ელექტრომობილების გაყიდვებით ახალი რეკორდი დაამყარა, თუმცა მოგების გასაზრდელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

Tesla-ს აქციების ფასი ხუთშაბათის სავაჭრო სესიის დასაწყისში დაახლოებით $416-მდე დაეცა, რაც ოთხშაბათის 0.8%-იან კლებას მოჰყვა.

ოთხშაბათს Tesla-მ განაცხადა, რომ მესამე კვარტალში შემოსავალმა $28.09 მილიარდს მიაღწია. ეს მნიშვნელოვნად აღემატება ვოლ-სტრიტის მიერ პროგნოზირებულ $26.5 მილიარდს და 24.8%-ით მეტია წინა კვარტალთან შედარებით. მიუხედავად ამისა, მოგება ანალიტიკოსების მოლოდინებს ჩამორჩა და თითო აქციაზე $0.50 შეადგინა, მაშინ როცა $0.56 იყო პროგნოზირებული.

შემოსავლების შემცირებასთან ერთად, Tesla-მ 1.4 მილიარდი დოლარის მოგება დააფიქსირა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით ნაკლებია. მოგების კლება დაემთხვა Tesla-ს მიერ მესამე კვარტალში 497 000-ზე მეტი ავტომობილის მიწოდების შესახებ განცხადებას, რაც ავტომწარმოებლის მიერ ნაჩვენები რეკორდული შედეგია.

მიუხედავად აქციონერების მოთხოვნისა, რომ Tesla-ს ხელმძღვანელობას დეტალურად ესაუბრა ახალი მოდელების გეგმებზე, რობოტაქსის განვითარებასა და საგადასახადო შეღავათის შემდეგ ბაზრის პერსპექტივაზე, ილონ მასკმა ყურადღება ძირითადად ჰუმანოიდ რობოტზე, Optimus-ზე გაამახვილა. მასკის თქმით, Tesla „რეალური სამყაროს ხელოვნური ინტელექტის ლიდერი“ გახდა და Optimus-ს „ყველა დროის ყველაზე დიდ პროდუქტად“ მიიჩნევს.

მან ასევე განაცხადა, რომ Tesla-ს AI ჩიპს — AI5-ს — Samsung-ი და TSMC აწარმოებენ, ხოლო Nvidia-ს ჩიპები მოდელების ტრენინგისთვის კვლავ გამოიყენება.

საუბრის ბოლოს, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა მწვავედ გააკრიტიკა საკონსულტაციო კომპანია Glass Lewis- და ISS, რომლებმაც აქციონერებს მის $1-ტრილიონიან კომპენსაციის პაკეტზე უარის თქმა ურჩიეს. მასკმა მათ „კორპორაცული ტერორისტები“ უწოდა.